მამუკა მდინარაძე: გახარიამ თავისი ლოგიკით გაასწრო „ნაცმოძრაობასაც“

“გიორგი გახარიამ თავისი ლოგიკით გაასწრო „ნაციონალურ მოძრაობასაც“. 50 დღეზე ცოტა მეტია დარჩენილი არჩევნებამდე და ის უკვე წინასწარ ალაპარაკდა ლეგიტიმაციის პრობლემებზე”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ყოფილმა პრემიერმა იცის, რომ მმართველ გუნდს ყველაზე მაღალი მხარდაჭერა აქვს.

“სამწუხაროდ, მიჭირს ამის თქმა, მაგრამ ვერ გავექცევით – გახარიამ თავისი ლოგიკით გაასწრო „ნაციონალურ მოძრაობასაც“. 50 დღეზე ცოტა მეტია დარჩენილი არჩევნებამდე და ის უკვე წინასწარ ალაპარაკდა ლეგიტიმაციის პრობლემებზე. ამას “ნაცები” აკეთებენ, მაგრამ ერთ თვეს მაინც ელოდებიან ხოლმე, რომ ლეგიტიმაციის პრობლემებზე დაიწყონ საუბარი, ის კი წინასწარ აკეთებს ამას. ამ ყველაფრის მიზეზი ერთადერთია – “ნაცურ” ნარატივში ჯდება. ამ ნარატივის გაგრძელებაა ის, რომ მან ყველაზე კარგად იცის, რომ ჩვენ გვექნება ძალიან მაღალი მხარდაჭერა და წინასწარ ერთადერთი ხვრელი და გამოსავალი აქედან გამოსაძრომი არის ის, რომ თითქოს ლეგიტიმაციის პრობლემები ჰქონდა არჩევნებს. 53 დღით ადრე ლაპარაკობენ ამაზე, იმ ფონზე, როდესაც, მაგალითად ერთ-ერთი ტელეკომპანია ცდილობს საზოგადოებას ინფორმაცია შეასაღოს იმის შესახებ, რომ როდესაც შტაბის ორი წევრი ერთმანეთთან საუბრობდა, თითქოს მოხდა მოსყიდვის ფაქტი. ანუ ოზურგეთში, ჩვენი შტაბის ერთმა წევრმა თითქოს მეორე წევრი მოისყიდა. წარმოიდგინეთ ფეიკის ხარისხი, რა ხარისხის ფეიკ დადგმებით უნდათ არჩევნების ლეგიტიმაციაზე საუბარი. ასეთი ტყუილები როგორც აქამდე არ გავიდა, ისე ახლაც არ გავა. ამაზე გინდა გახარიამ ილაპარაკოს, გინდა – სააკაშვილმა და გინდა – მათი ტელევიზიების მენეჯერებმა”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები