შალვა პაპუაშვილი – გახარიას პარტიაზე: ეს არის გარკვეული ბრჭყვიალა ქაღალდი, რომლის შიგნითაც შიგთავსი არის ნაკლებად
“რამე შინაარსობრივი მოვისმინეთ ამ პარტიისგან?! არაფერი!”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, შალვა პაპუაშვილმა ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, პარტია “საქართველოსთვის” ლიდერები ხალხის საჭიროებებზე არ საუბრობენ.
“გახარიას პარტიას ჰქონდა ის ფუნქცია, რომ დაეზიანებინა“ ქართული ოცნება“, რაც პრაქტიკულად ვერ ხორციელდება. გახარიას პარტიის გამო, „ქართულ ოცნებას“ სრული პროცენტებიდან 3-4% დროებით დააკლდა, ჩვენ ამ ამომრჩევლებს უკან დავიბრუნებთ. ასევე, ვხედავთ, რომ აღარ არსებობს ის შეთანხმება, რომლის გამოც ეს პარტია შეიქმნა. ამავე დროს, რას ვაკვირდებით მთელი ეს პერიოდი. რამე შინაარსობრივი მოვისმინეთ ამ პარტიისგან?! არაფერი! კიდევ ერთხელ ვხედავთ იმას, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ ეს არის გარკვეული ბრჭყვიალა ქაღალდი, რომლის შიგნითაც შიგთავსი არის ნაკლებად. ძირითადად, ეს არის ზედაპირული საუბარი, მათ შორის, შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამოყენება ყოფილი კოლეგების მიმართ, რაც ნამდვილად არ მატებს ღირსებას მათ პარტიას. ისინი გაურბიან ყველანაირად შინაარსზე საუბარს. ახლა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია, რამე გაგიგიათ ამ პარტიისგან რამე საჭიროებებზე საუბარი, რაც აქვს ხალხს?! გარდა იმისა, რომ არის საუბარი როგორ დააზიანოს “ქართული ოცნება”. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს გარკვეული ეიფორიული ტალღა, რაც შეიძლება ჰქონდა თავდაპირველად ამ პარტიას, გადაივლის და საბოლოო ჯამში დარჩება ის ბრჭყვიალა ქაღალდი, იასამნისფრისა და ცისფერის ნაზავი, რომელიც ჩვენ პირველად დავინახეთ”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.