ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ დღეიდან ქვეყნის სამედიცინო დაწესებულებებს მისცა ნებართვა, კორონავირუსის შედეგად მძიმე მდგომარეობაში მყოფ პაციენტებს უმკურნალონ ადგილობრივი წარმოების პრეპარატით – MesenCure.
ინფორმაციას Detaly.co.il ავრცელებს.
გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ექსპერიმენტული პრეპარატი იქნა გამოყენებული ჰაიფაში “რამბამის” ჰოსპიტალში და კარგი შედეგები აჩვენა: კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში მყოფი 16 პაციენტიდან MesenCure-ის მიღების შემდეგ 14 პაციენტი კლინიკიდან გაწერეს.
“რამბამის” საავადმყოფოში ამბობენ, რომ პრეპარატით მკურნალობა 4 დღის განმავლობაში გრძელდება, ამასთან, პაციენტთა უმეტესობა ბინაზე უკვე მეხუთე დღეს გაწერეს.
აღინიშნება, რომ უახლოეს დღეებში იქნება მიღებული გადაწყვეტილება, თუ რომელ საავადმყოფოებში იქნება გამოყენებული პრეპარატი MesenCure.
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, რომ პრეპარატი მზადდება მეზენქიმული უჯრედებისგან, რომლებიც ამოღებულია ჯანსაღი დონორების ცხიმოვანი ქსოვილიდან. მეზენქიმული უჯრედების მოქმედება მიზნად ისახავს პაციენტის სხეულის უჯრედების ეფექტურობის გაზრდას. პაციენტის სხეულში შეყვანისთანავე მეზენქიმული უჯრედები აღწევენ ფილტვებში და იწყებენ მუშაობას კორონავირუსით გამოწვეული ანთების შესამცირებლად.
პრეპარატი ასევე ხელს უწყობს ქსოვილების რეგენერაციასა და სხვადასხვა რესპირატორული სიმპტომის შემსუბუქებას.