თენგიზ ცერცვაძე: ძალიან სერიოზული ეპიდსიტუაციაა ქვეყანაში, რაც განპირობებულია ახალი შემთხვევების ძალიან დრამატული ზრდით

“ძალიან სერიოზული ეპიდსიტუაციაა ქვეყანაში, რაც განპირობებულია ახალი შემთხვევის ძალიან დრამატული ზრდით”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული იქნა გარკვეული გადაწყვეტილებები და არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება ქვეყანაში 10-14 დღეში გამოსწორდება.

“ძალიან სერიოზული ეპიდსიტუაციაა ქვეყანაში, რაც განპირობებულია ახალი შემთხვევის ძალიან დრამატული ზრდით. დღეს იყო 5600 ახალი შემთხვევა და 54 გარდაცვალება. რამდენადაც მე ვიცი, ახალი შემთხვევების რაოდენობის მხრივ საქართველო ლიდერთა ჯგუფშია. რატომ მოხდა ეს? ამას ჩვენ სისტემატიურად ვიმეორებდით. ზოგს სჯეროდა, ზოგს არ სჯეროდა და ასეთი სამწუხარო შედეგი დადგა. ამის მიზეზი არის, რომ მოხსნილია ყველა მკაცრი შეზღუდვა და ამ პირობებში დარჩენილი რეგულაციები, მინიმალური რეგულაციებიც არ სრულდება. მხედველობაში მაქვს, რომ არ ატარებენ პირბადეს, თბილისის მიღმა გაბრძანდით და პრაქტიკულად არ ატარებენ პირბადეს. ამას დაემატა ისიც, რომ ძალიან ლიბერალიზაცია მოხდა აღსრულების მხრივ. თქვენ იცით, რომ ჯარიმები გაუქმდა, ეს გაკეთდა ჰუმანური მოსაზრებებით, რომ მოსახლეობა, რომელიც ისედაც პანდემიის პირობებში ეკონომიკურად შევიწროებული იყო, დამატებითი ტვირთი არ დასწოლოდა მათ, მაგრამ ეს ყველაფერი ბევრმა კარგად ვერ გაიგო და ბევრმა ისარგებლა და ისე კი არ მოიქცა, რომ მას აპატიეს პირბადის არ ტარება ან ხალხმრავალი შეკრება, ქორწილი. პირიქით ჩათვალეს, რომ ეს შეიძლება და ამ პრაქტიკას აგრძელებენ. გუშინ მთავრობამ, საკოორდინაციო საბჭომ მიიღო სერიოზული გადაწყვეტილებები, რომელიც რამდენიმე შეზღუდვას აწესებს, მაგრამ არა სერიოზულ შეზღუდვებს და არა” ლოკდაუნს“, “ლოკდაუნი “გამორიცხულია. მთავარია კონტროლის გაძლიერება აღსრულების მექანიზმებზე, პირბადე ატარონ. სოციალური დისტანცირება დაიცვან და 10-ზე მეტი ადამიანი არ იყოს შეკრებილი. დაახლოებით 10-14 დღის შემდეგ ეს აუცილებლად მოიტანს შედეგებს”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები