თეა ახვლედიანი: ვითარდება საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ საზოგადოებებს შორის თანამშრომლობა და კომუნიკაცია, რისკენაც მიმართულ ძალისხმევას კიდევ უფრო გავაძლიერებთ შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ბრიტანულ კვლევით ცენტრთან “Council on Geostrategy” საუბრობს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე, ომის შედეგებზე, საერთაშორისო საზოგადოების როლსა და პანდემიის შედეგად კიდევ უფრო დამძიმებულ ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში.

მინისტრის თქმით, ვითარდება საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ საზოგადოებებს შორის თანამშრომლობა და კომუნიკაცია, რისკენაც მიმართულ ძალისხმევას კიდევ უფრო გავაძლიერებთ შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში.

„2008 წლის აგვისტოში რუსეთმა, საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციით, სუვერენული ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა, რითიც, ასევე, შეარყია ევროპული უსაფრთხოების წყობა და ძირი გამოუთხარა უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს.

2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული სამხედრო აგრესია, იყო რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკის და ამბიციების აშკარა გამოხატულება და მცდელობა – შეენარჩუნებინა გავლენის სფეროები რეგიონში, შეეზღუდა დამოუკიდებელი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე ორიენტირებული სუვერენული არჩევანი და ხელი შეეშალა დემოკრატიული ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისათვის. ეს იყო ძალიან საშიში პრეცედენტი, რომელმაც მოგვიანებით ცხადყო, რომ საქართველო არ იყო ცალკეული, განყენებული შემთხვევა.

რუსეთი კვლავაც განაგრძობს საქართველოს ორი განუყოფელი რეგიონის – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას, ანექსიისკენ მიმართულ ინტენსიურ ნაბიჯებს, მილიტარიზაციას, რითაც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში. ამასთან, საოკუპაციო რეჟიმი განაგრძობს ადგილზე მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების უხეშ და სისტემატურ დარღვევას, რაც გამოიხატება ეთნიკური დისკრიმინაციის ფაქტებით, გამყოფი ხაზების გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესით, თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული მკაცრი შეზღუდვებით, უკანონო დაკავებებით, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვით, საკუთრებაზე, სამედიცინო დახმარებასა და საარსებო წყაროებზე წვდომის შეზღუდვით და სხვა უკანონო ქმედებებით

საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნებთან ერთად, ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ჩართულობა და ნდობის აღდგენა, მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და ხალხთაშორისი კონტაქტების ხელშეწყობა არის ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი, რასაც ემსახურება ჩვენი სამშვიდობო ინიციატივა “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”.

ჩვენი მოქმედების ფორმულა არის ნათელი: დროებით აღმართულ კედლებსა და ფიზიკურ ბარიერებს ვუპირისპირდებით სამშვიდობო ინიციატივებითა და გაზრდილი ძალისხმევით, რათა დავძლიოთ საზოგადოებების გახლეჩვის პროცესი. მიუხედავად რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის პროვoკაციული ქმედებებისა, რომელიც პანდემიის პირობებშიც არ შეწყვეტილა, და მცდელობისა – მოახდინოს საქართველოს ორივე რეგიონის ხელოვნური იზოლირება დანარჩენი საქართველოსა და საერთაშორისო თანამეგობრობისგან. ვითარდება საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ საზოგადოებებს შორის თანამშრომლობა და კომუნიკაცია, რისკენაც მიმართულ ძალისხმევას კიდევ უფრო გავაძლიერებთ შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში”, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები