თენგიზ ცერცვაძე: ჰოსპიტლის გარეთ, ბინებსა და სასტუმროებში კორონავირუსით 48 ადამიანია გარდაცვლილი
ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, საქართველოში ბინაზე და კოვიდსასტუმროებში 48 ადამიანი გარდაიცვალა.
მისივე თქმით, ეს მაჩვენებელი დაბალია, რაც ჯანდაცვის კლინიკური სექტორის კარგი მუშაობის ერთ-ერთი ნიშანია.
“ჰოსპიტალს გარეთ გარდაცვლილთა რიცხვი, ანუ ბინაზე გარდაცვლილისა და სასტუმროებში, არის 48. ეს მთელი 1.5 წლის მანძილზე. მაშინ, როდესაც უცხოეთის ყველაზე კარგი ჯანდაცვის მქონე ქვეყნებში არის ასეულები და ათასები. ინგლისში ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ჰყავდათ 10 000 ასეთი გარდაცვლილი.
თქვენ სვამთ კითხვას, რატომ ვერ მოხერხდა მათი გადაყვანაო, მე პირიქით დაგისვამთ – როგორ მოხერხდა იმდენი ხალხის გადაყვანა, რომ მხოლოდ 48 გარდაიცვალა ბინაზე, როცა, მაგალითად, ინგლისში 10 000 ასეთი გარდაცვლილი იყო. საქართველოს აქვს ყველაზე დაბალი რიცხვი ბინაზე გარდაცვლილების და ეს არის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ჯანდაცვის კლინიკური სექტორის კარგი მუშაობის, რადგან ნაკადები იმართება ეფექტიანად და ვისაც სჭირდება სამედიცინო დახმარება, ყველა გადაჰყავთ ჰოსპიტალში და იქ სათანადოდ მკურნალობენ.
თქვენ ლეგიტიმური კითხვა დასვით – რატომ ვერ მოხერხდა იმ 48 კაცის დროზე გადაყვანა – ჩვენი ოპონენტები ხშირად გვაკრიტიკებენ, რომ საჭიროზე მეტი გადაგვყავს ჰოსპიტალში, ყველა არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას და ისეთებიც გვხვდებიან, მაგრამ სწორედ ამიტომ რომ გარკვეულწილად თავს უზღვევენ ექიმები, და გადაჰყავთ ჰოსპიტალში პაციენტები, რომელთაც აქვთ რაღაც კრიტერიუმები ჰოსპიტალიზაციის, სწორედ ამიტომაა ასეთი დაბალი რიცხვი ბინაზე გარდაცვლილების”, – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე “რუსთავი ორის” ეთერში საუბრისას.