არჩილ თალაკვაძე: პრაქტიკულად „ქართული ოცნება“ ცალმხრივ რეჟიმში ასრულებდა მიშელის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს
პრაქტიკულად „ქართული ოცნება“ ცალმხრივ რეჟიმში ასრულებდა მიშელის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის უდიდესმა ნაწილმა, რვიდან ოთხმა პარტიამ არ მოაწერა ხელი შეთანხმებას.
„100 დღის განმავლობაში, მათ გაზარდეს დაპირისპირების ხარისხი, დეზინფორმაცია და დესტრუქციული ელემენტები შემოიტანეს პარლამენტშიც, რისი მომსწრეც ჩვენი საზოგადოება გახდა. პრაქტიკულად „ქართული ოცნება“ ცალმხრივ რეჟიმში ასრულებდა მიშელის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს. ჩვენ მივიღეთ პრინციპული გადაწყვეტილება, რომელიც აღარ შეიცვლება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
გუშინ გამართულ ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არ ეთანხმება მმართველი პარტიის შეფასებას, თითქოს 19 აპრილის შეთანხმებამ ქვეყანაში პოლარიზაცია არ შეამცირა. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ სწორედ ამ დოკუმენტის შედეგია, რომ გარკვეულმა ოპოზიციურმა ძალებმა ქუჩაში ვერ გადაიტანეს პოლიტიკური პროცესები, დაკარგეს დესტაბილიზაციის რესურსი და ხელის არმოწერით განიცადეს ერთგვარი მარგინალიზაცია.