გიორგი გახარია:„რაც შესაძლებელი იყო და სადამდეც შესაძლებელი იყო, მანამდე ვაკეთებდი, როდესაც შეუძლებელი გახდა კი წამოვედი”
გიორგი გახარია რეგიონებში ვიზიტს, ოფისების გახსნას და მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს, პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს გახარიამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარშიც გახსნა რეგიონული ორგანიზაცია და მხარდამჭერებს შეხვდა.
„ჩვენ ისეთ დღეში ვართ, ქვეყანას, როგორც სახელმწიფოს, მხარდაჭერა და გაძლიერება სჭირდება! ჩვენ ახლა რასაც ვუყურებთ, თუ დროზე საქმეს ხელი არ მოვკიდეთ და ამ ქვეყნიდან ძლიერი სახელმწიფო არ შევქმენით… 30 წელი აი ერთ წრეზე დავდივართ. რაღაც შენებას დავიწყებთ, მოვა ახალი – დაანგრევს, რაღაცის შენებას დავიწყებთ, მოვა კიდევ ვიღაცა სხვა – დაანგრევს… არ გამოვა ასე! ასე, უბრალოდ, ჩვენს თავს ვიზიანებთ და ჩვენი ბავშვების მომავალს ვაზიანებთ” – მიმართა გახარიამ მხარდამჭერებს.
გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ ხელისუფლების ანგარიშვალდებულებისთვის და ეფექტურობისთვის თავად მოსახლეობის მხრიდან ამის მოთხოვნა აუცილებელია.
„ღირსება, კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი – ამის იქით სხვა არჩევანი და სხვა გამოსავალი არ არის! ასე ვგეგმავთ და ამ გზას მივუყვებით. და ყოველთვის, აქამდე რაც გვითქვამს, ის გაგვიკეთებია! წყნარად, მშვიდად, – ჯერ მუნიციპალური არჩევნები, მერე საპარლამენტო არჩევნები და საბოლოოდ თავი უნდა დავადგათ ამ ქვეყნისგან ნორმალური სახელმწიფოს შექმნას, ეს არის ჩვენი მიზანი! ვისაც ჩვენი სჯერა და ვინც გვენდობა, ისინი გვერდით დაგვიდგებიან, ვინც არა – ისინი თავის გზას დაადგებიან – არავის არ ვაძალებთ, უბრალოდ, ყველას უნდა გვესმოდეს, რა არის პასუხისმგებლობა ამ ქვეყანაში! პასუხისმგებლობა თითოეული ჩვენგანის არის.” – ამბობს გახარია.
გახარიამ ისაუბრა, რომ ახალი პარტია ორიენტირებულია არა დაპირებების გაცემაზე, არამედ მათ შესრულებაზე და მის გუნდს საქმის კეთების გამოცდილება აქვს.