იაგო ხვიჩია: პრეზიდენტის განცხადება ადეკვატურია
“თუ გვინდა ისეთი შედეგი არ მივიღოთ და ისეთ უხერხულ სიტუაციაში არ აღმოვჩნდეთ, რომელშიც ახლა ქვეყანა და პრეზიდენტი აღმოჩნდა, ყველა უნდა ვეცადოთ „ქართული ოცნების“ ვნებების მოთოკვას”,- ასე გამოეხმაურა “გირჩის“ ლიდერი, დეპუტატი იაგო ხვიჩია შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებაზე პრეზიდენტის განცხადებას.
ხვიჩია მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადება ადეკვატურია, თუმცა მხოლოდ საუბარი არაფერს შველის.
„პრეზიდენტის განცხადება ადეკვატურია იმის გათვალისწინებით, თუ რა ჩაიდინა „ქართულმა ოცნებამ“ და იმის გათვალისწინებითაც, რომ რაც ჩაიდინა, ის რომ არ ყოფილიყო ჩადენილი, პასუხისმგებელი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად იყო პრეზიდენტიც. უბრალოდ, ჩემი აზრით, მხოლოდ საუბარი არ არის საკმარისი და ამასთან დაკავშირებით კრიტიკა ბევრი იქნება. არსებობდა მანამდე დროის გარკვეული მონაკვეთები, როცა “ქართული ოცნება” ცუდად და უპატივცემულოდ იქცეოდა ამ დოკუმენტის მიმართ და ჩვენ მივმართეთ პრეზიდენტს, რომ ვეტო დაედო კანონპროექტისთვის, რომელიც იყო ამ დოკუმენტის სულისკვეთების საწინააღმდეგო, მაშინ ეს არ მოხდა. ამიტომ აქამდე არ უნდა მივიდეთ ხოლმე, მე ამას ვურჩევდი ქალბატონ პრეზიდენტს. ჩვენ ხშირად დავინახავთ მომენტებს, როცა „ქართული ოცნება“ არ იქცევა კარგად და თუ გვინდა ისეთი შედეგი არ მივიღოთ და ისეთ უხერხულ სიტუაციაში არ აღმოვჩნდეთ, რომელშიც ახლა ქვეყანა და ქალბატონი პრეზიდენტი აღმოჩნდა, ყველა უნდა ვეცადოთ “ქართული ოცნების ” ვნებების მოთოკვას. “ქართული ოცნება ” ახლა არის იმ სიტუაციაში, როცა ენას ძვალი არ აქვს და ყველაფერს ილაპარაკებს, სიტყვებს გამოსცემენ შინაარსის გარეშე”,- განაცხადა ხვიჩიამ.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეთანხმების დოკუმენტმა თავისი პირველადი დანიშნულება შეასრულა – პოლიტიკური კრიზისი დაასრულა, სტაბილურობა გამყარდა, მრავალპარტიული პარლამენტი შედგა და პოლიტიკურმა პროცესებმა ქუჩიდან პარლამენტში გადაინაცვლა. მისივე თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს.