კახა ქემოკლიძე IRI-ის კვლევაზე: დადასტურდა, რომ მმართველი და ოპოზიციური პარტიების რეიტინგი მცირდება – ჩვენი პარტია „საქართველოსთვის” კი ერთადერთი პარტიაა, რომლის რეიტინგიც იზრდება

პარტია „საქართველოსთვის” პოლიტიკური მდივანი, პოლიტსაბჭოს წევრი და ერთ-ერთი ლიდერი – კახაბერ ქემოკლიძე მედიასთან IRI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს ეხმაურება. კვლევის საველე სამუშაოები ივნისში ჩატარდა და კვლევის მიხედვით მაისში შექმნილ ახალ პარტიას „საქართველოსთვის” უკვე მოსახლეობის 9%-იანი მხარდაჭერა ჰქონდა, ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერა 14%-მდე, ქართული ოცნების კი – 26%-მდე იყო შემცირებული.

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევები არის ერთ-ერთი ყველაზე ნეიტრალური და ობიექტური – რა თქმა უნდა, ვენდობით. ვფიქრობ, კვლევამ ნათლად დაადასტურა ერთი ფაქტი – მიუხედავად იმისა, რომ პარტია „საქართველოსთვის” შეიქმნა 29 მაისს, რაც ზუსტად 8 კვირის წინანდელი რეალობაა – ეს არის ერთადერთი ყველაზე სწრაფად, მყარად და მტკიცედ მზარდი პარტია რეიტინგებში. ეს არის შემდგარი ფაქტი”, – აღნიშნა კახა ქემოკლიძემ.

პარტია ,,საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი ხაზს უსვამს, რომ მათი პარტია ერთადერთი მზარდი რეიტინგის პარტიაა იმ ფონზე, რომ სხვა პარტიების მხარდაჭერა იკლებს – როგორც სახელისუფლო პარტიის, ისე ნაციონალური მოძრაობის და სხვა ოპოზიციური პარტიების.

„ამის გარდა, გასათვალისწინებელია, რომ დეზინფორმაციის კამპანიის უდიდესი ნიაღვარის პირდაპირ პარტია „საქართველოსთვის” და მისი ლიდერისადმი უშუალოდ, ბატონ გიორგი გახარიასადმი სხვადასხვა მედიასაშუალებების მხრიდან- ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აი ამ ჩვენ წინააღმდეგ ნაწარმოები ტყუილების ციკლის მიუხედავად გამოჩნდა, რომ პარტია „საქართველოსთვის” უკვე აქვს ის შედეგი, რომელიც დღემდე წარმოუდგენელი და მიუღწევადია ბევრი ოპოზიციური პარტიისთვის. საბოლოო ჯამში ამ კვლევამ დაადასტურა, რომ მართველი პარტიის რეიტინგი მცირდება, ისევე როგორც სხვა ოპოზიციური პარტიების რეიტინგიც – არა თუ იზრდება, ასევე მცირდება. ერთადერთი პარტიაა „საქართველოსთვის”, რომლის რეიტინგიც იზრდება – რაც საბოლოო ჯამში მიანიშნებს, რომ სწორედაც ეს პარტია იქნება, რომელიც ჩაანაცვლებს ხელისუფლებას. ამ რეალობასთან შეგუება მოუწევს, როგორც მმართველ პარტიას, ისე ნაციონალურ მოძრაობას და სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც”, – განაცხადა ქემოკლიძემ.

პარტია „საქართველოსთვის” წარმომადგენელმა რიგგარეშე არჩევნებზეც ისაუბრა.

„საბოლოო ჯამში, რიგგარეშე არჩევნებს განსაზღვრავენ მისი აღმატებულება საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ირჩევენ და ხმას აძლევენ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს. თუ საქართველოს მოქალაქეები ჩათვლიან, რომ უმრავლესობა ეწინააღმდეგება უმცირესობაში დარჩენილი ხელისუფლების მმართველობას – იქ რიგგარეშე არჩევნები არის უბრალოდ ორჯერ ორი ოთხი! ეს შემდგარი ფაქტი იქნება, ბუნებრივი პოლიტიკურად ლოგიკა იმ დონეზე მიყვანილი – რომ რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება და არ აქვს მნიშვნელობა რას ქადაგებენ ძვირფასი მმართველი პარტიის წარმომადგენლები 19 აპრილის ხელშეკრულების გაუქმებასთან ან ძალაში დატოვებასთან დაკავშირებით”, – ამბობს ქემოკლიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები