„სახელმწიფო ენის შესახებ კანონში” ცვლილების განხორციელებით სწორდება კანონმდებლობაში არსებული ტექნიკური ხარვეზი
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რიგგარეშე სესიის, პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს „სახელმწიფო ენის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების პროექტი გააცნო.
პარლამენტის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო ენის განსაზღვრისას ორგანული კანონის ტექსტში, საქართველოს კონსტიტუციის მე-8 მუხლზე მითითების ნაცვლად, მიეთითება საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტზე. მომხსენებლის თქმით, ეს არის მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის საკანონმდებლო წინადადების მიხედვით შექმნილი პროექტი. „კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, როდესაც გარკვეული საკითხები სხვადასხვა კუთხით მოწესრიგდა, შეიცვალა ნუმერაცია, მათ შორის ეს შეეხო სახელმწიფო ენის მოწესრიგების საკითხსაც.
არსებული მდგომარეობით, დღეს მოქმედ „სახელმწიფო ენის შესახებ” კანონის მე-4 მუხლში მითითებულია, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-8 მუხლის თანახმად საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აგრეთვე აფხაზური. კონსტიტუციის ცვლილების შედეგად კონსტიტუციის მე-8 მუხლის შინაარსმა გადაინაცვლა კონსტიტუციის მე-2 მუხლის მესამე პუნქტში, ამიტომ მოქალაქემ მიგვითითა, რომ ეს იყო საკანონმდებლო ხარვეზი და შესაბამისად ეს ნორმა სახელმწიფო ენის მითითების შესახებ უნდა შეცვლილიყო.
კერძოდ, მე-4 პუნქტი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აგრეთვე აფხაზური.
ჩვენ გავითვალისწინეთ მოქალაქის წინადადება, კომიტეტმა მითითებული ხარვეზი დაამუშავა და გთავაზობთ საკანონმდებლო ინიციატივის სახით”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტმა კენჭისყრის შედეგად, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა აღნიშნულ ცვლილებას.