ირაკლი კობახიძე: შარლ მიშელის შეთანხმების დიდი ნაწილი ჩვენ უკვე შესრულებული გვაქვს
“შარლ მიშელის შეთანხმების დიდი ნაწილი ჩვენ უკვე შესრულებული გვაქვს”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.
„ამ შეთანხმების დიდი ნაწილი ჩვენ უკვე შესრულებული გვაქვს. რაც შეეხება პირველ პუნქტს, რომელიც უკავშირდებოდა კრიმინალების გათავისუფლებას, იმუნიტეტის საკითხის გადასინჯვას, ამნისტიის შესახებ კანონს, თითქმის შესრულებული გვაქვს. ერთადერთი, მესამე მოსმენა დარჩა და იგი სავარაუდოდ, სექტემბერში გაიმართება. პირველი საკითხი მთლიანად ამოწურული იქნება.
რაც შეეხება საარჩევნო საკითხებს, აქაც საარჩევნო რეფორმა არის განხორციელებული და არის ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებები. რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს – აქ არის მნიშვნელოვანი თემები, რომელიც უკავშირდება საარჩევნო ბარიერს. ჩვენ ვთქვით, რომ საპარლამენტო სუვერენიტეტის პრინციპის შესაბამისად, სიღრმისეულად განიხილება კანონპროექტი და ბუნებრივია, პარლამენტი ამის მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებას. ჩვენ პრინციპული მზაობა გამოვთქვით იმისთვის, რომ ბარიერი გადაიხედებოდა.
რაც შეეხება სასამართლო რეფორმის ნაწილს, ძირითადი პაკეტი დოკუმენტის მიხედვით მომავალი წლის ზაფხულამდე უნდა დასრულდეს და ზუსტად ამ პერიოდისთვის ჩვენ გვექნება მსჯელობა და წარმოდგენილი გვექნება წინადადებები, რომელიც უნდა იქცეს შემდეგ კანონპროექტად.
და რჩება კომიტეტების და დელეგაციის თემა. ჩვენ ვთქვით, რომ ჯანსაღი პოლიტიკური კონსულტაციების საფუძველზე, ეს კარგი ევროპული პრაქტიკა პარლამენტში დავამკვიდროთ“, – განაცხადა კობახიძემ.