პარლამენტმა თვითმმართველობის ახალი კოდექსი დაამტკიცა

პარლამენტმა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსზე მუშაობა დაასრულა. დეპუტატებმა მესამე მოსმენით – 77 ხმით, 7-ის წინააღმდეგ, თვითმმართველობის კოდექსის პროექტი და, მისგან გამომდინარე, დაახლოებით 25 საკანონმდებლო ცვლილების პროექტი მიიღეს.
პარლამენტის მიერ დამტკიცებული პროექტის მიხედვით, რეფორმის პირველ ეტაპზე გათვალისწინებულია არსებული ხუთი თვითმმართველი ქალაქისთვის შვიდი თვითმმართველი ქალაქის დამატება და მათი რაოდენობის 12-მდე გაზრდა, სადაც მერები პირდაპირი წესით აირჩევიან. პირდაპირი წესით აირჩევიან მუნიციპალიტეტების გამგებლებიც. ამ შემთხვევაში კოდექსის პროექტით შეთავაზებული წესი, რომელიც ითვალისწინებდა თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებას ყველა იმ ქალაქისათვის, რომელთა რაოდენობა 15 000 მოსახლეს აღემატება, შეიცვალა შემდეგნაირად – პირველ ეტაპზე, არსებულ ხუთ თვითმმართველ ქალაქთან ერთად, თვითმმართველ ქალაქად ის შვიდი ქალაქი განისაზღვრა, სადაც გუბერნატორების ადმინისტრაციებია განთავსებული.
“ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” პროექტის პარლამენტში განხილვის პროცესში, მასში რამდენიმე პრინციპული ცვლილება აისახა.
მთავრობა და პარლამენტი შეთანხმდა, რომ საკრებულოს მიერ პირდაპირი წესით არჩეული მერისა თუ გამგებლისთვის უნდობლობის გამოცხადებისას, საკრებულოს შესაბამისი გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში, უნდობლობაგამოცხადებულ გამგებელსა და მერს სასამართლო განხილვის დასრულებამდე უფლებამოსილება არ შეუწყდება და ხელახალი არჩევნები არ დაინიშნება.
მთლიანად შეიცვალა კოდექსის ის ნაწილი, რომელიც რეგიონების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად ჩამოყალიბებას და მუნიციპალიტეტთა რეგიონული გაერთიანებების შექმნას ითვალისწინებდა. კერძოდ, მთავრობის მიერ შეთავაზებულ ვარიანტში გათვალისწინებული იყო მუნიციპალიტეტთა რეგიონული გაერთიანების შექმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით, რომელიც გუბერნატორის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებს აერთიანებდა. პარლამენტში გამოთქმული შენიშვნის გათვალისწინებით, აღნიშნული გაერთიანების ნაცვლად, სამხარეო საკონსულტაციო საბჭო ჩამოყალიბდება, რომელიც გუბერნატორის საკონსულტაციო ორგანო იქნება. მასში თანამდებობრივად შევლენ გუბერნატორის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალიტეტების მერები, გამგებლები, საკრებულოების თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები. საბჭოს ექნება საკონსულტაციო, სარეკომენდაციო ხასიათი და არ ექნება უფლება, მთავრობის დონეზე სადავო გახადოს გუბერნატორის გადაწყვეტილება. ამასთან, პარლამენტში მიღებული გადაწყვეტილებით, დასახლების საზოგადოებრივი საბჭოები არ ჩამოყალიბდება, რაც კოდექსის პროექტით იყო გათვალისწინებული. გადაიდო ორი ინსტიტუტის – საზოგადოებრივი საბჭოსა და თბილისის უბნის საბჭოების ჩამოყალიბების საკითხი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები