თბილისში დაკარგული ავსტრალიელის სამძებრო სამუშაოებში მაშველები ჩაერთნენ

თბილისში, მეგობრები და სამართალდამცველები 31 წლის ავსტრალიელ ქალს – შანაე ბრუკს მეორე დღეა ეძებენ. არსებული ინფორმაციით, ის სათვალთვალო კამერებმა გუშინ, დაახლოებით, 15:30 საათზე, ვერაზე, საცხოვრებელ სახლთან დააფიქსირეს.

მეგობრების ერთი ნაწილი ამბობს, რომ ბრუკის ტელეფონზე ზარი გადის, თუმცა არავინ პასუხობს. ამასთან, ქალის ერთ-ერთმა მეგობარმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი მობილური ტელეფონი მთაწმინდის პარკის მიმდებარედაა ნაპოვნი. აღნიშნული დაუზუსტებელია და ოფიციალური ინფორმაცია, სავარაუდოდ, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„წელიწადზე მეტია, ჩემი მეგობარი საქართველოში ცხოვრობს. ჩვენ ინგლისურის მასწავლებლებად ვმუშაობთ. ის მთასვლელობით იყო გატაცებული და მთაწმინდაზე ვარჯიშობდა. გუშინ, საღამოს საათებში, მთაწმინდაზე წავიდა. არ ვფიქრობ, რომ შორს წასულიყო. წასვლის შემდეგ, ამერიკელმა მეგობარმა დაურეკა და ისაუბრეს. მას შემდეგ არაფერი გაგვიგია. ვიცით, რომ დრონით მიმდინარეობს სამძებრო სამუშაო და კინოლოგებიც არიან ჩართულნი“, – ამბობს დაკარგულის მეგობარი როსს ტომპსონი.

მთაწმინდის პარკის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ პარკის ყველა შესასვლელის კამერა შეამოწმეს და არცერთ ვიდეოკამერას ქალი არ დაუფიქსირებია.

დაკარგული ტურისტის შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე მისმა მეგობარმა გაავრცელა. მისი განცხადებით, როდესაც, გუშინ საღამოს, შანაე ბრუკს ბოლოს ტელეფონით ელაპარაკებოდა, ის მთაწმინდაზე იმყოფებოდა. მისივე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს, ბრუკს მოულოდნელად თავს დაესხნენ და ის დახმარებას ითხოვდა.

ქალის სამძებრო სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების სამსახურის მეხანძრე-მაშველები ჩაერთნენ. როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, ამ ეტაპისთვის, სამძებრო სამუშაოებში 100-მდე მეხანძრე-მაშველი მონაწილეობს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები