ავთანდილ თალაკვაძე: ოზურგეთელებს ძალიან საინტერესო პროექტებს წარვუდგენთ და არჩევნებში გამარჯვების მეორე დღესვე საქმეს შევუდგებით

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ოზურგეთის მერობის კანდიდატი ავთანდილ თალაკვაძე “პრაიმტაიმის” კითხვებს პასუხობს:

– არჩევით თანამდებობაზე არასოდეს მიმუშავია, თუმცა ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ეს გამორჩეული პასუხისმგებლობა და დიდი პატივია ნებისმიერი ადამიანისთვის. რა თქმა უნდა მივიღე გუნდის შეთავაზება – თავს მოვალედ ვთვლი, ჩემს მშობლიურ ქალაქს და საზოგადოებას ვემსახურო და ოზურგეთს მადლობა საქმით და წარმატებული პროექტებით გადავუხადო.

ნდობისთვის მადლობას ვუხდი „ქართული ოცნების“ ლიდერებს და ჩვენს მხარდამჭერებს. მჯერა გავიმარჯვებთ!

– თქვენი კონკურენტები ოზურგეთში „ნაციონალური მოძრაობის“, გიორგი გახარიას პარტიის კანდიდატები და შესაძლოა ოზურგეთის მოქმედი მერიც იქნებიან – რამდენად მზად ხართ პირველ ტურში გაიმარჯვოთ?

– სიმართლე გითხრათ, ჩემი კონკურენტები ოზურგეთში არსებული პრობლემები და გამოწვევები იქნება, რომელიც ხალხს აწუხებს – ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ბიუჯეტის გამჭვირვალე და ეფექტიანი, რაციონალური ხარჯვა, პანდემიითდაზარალებული შინამეურნეობების და მცირე ბიზნესის აღდგენა, სოფლებში წყლით უზრუნველყოფის საკითხები და ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარება. ოზურგეთელებს ძალიან საინტერესო პროექტებს წარვუდგენთ და არჩევნებში გამარჯვების მეორე დღესვე საქმეს შევუდგებით. მე გუნდთან ერთად შემიძლია დამატებითი ფინანსური რესურსის, პროექტების და ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერის მობილიზაცია გავაკეთო, რასაც სხვა კანდიდატები ვერ შეძლებენ.

– მაინც ჩაგეკითხებით – რამდენად შეძლებთ დავით მჟავანაძის, კოტე შარაშენიძის და გია ცეცხლაძის პირველ ტურში დამარცხებას?

ჩვენი კამპანიის ამოცანა იქნება პირველივე ტურში გავიმარჯვოთ. “ნაციონალური მოძრაობა” და მისი კანდიდატი ამ არჩევნებში იმაზე მეტ მხარდაჭერას ვერ მიიღებენ, ვიდრე ჰქონდათ – პირიქით, კვლევები აჩვენებს, რომ მათი მხარდაჭერა შემცირებულია იმ დესტრუქციის, სახელმწიფოს და ეროვნული ღირებულებების, ასევე, ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის გამო, რომელიც მთელმა საზოგადოებამ დაინახა. მათ კანდიდატს სამუშაო ექნება, რომ საკუთარ სოფელში მცირე უპირატესობა მაინც აჩვენოს – როგორც მახსოვს წინა არჩევნებში “ქართულმა ოცნებამ” საბოლოო ტურში იქ დამაჯერებლად გაიმარჯვა. გიორგი გახარიას კანდიდატი შეეცდება საზოგადოებას მესამე ძალად ან ნეიტრალურ ვარიანტად წარუდგეს – თუმცა ჩვენ ყველა მოქალაქეს ავუხსნით, რომ ის სახელისუფლებო სტრუქტურიდან ოპოზიციაში რამდენიმე თვის წინ წასული ადამიანია. ჩვენს საერთო ნაცნობებს მინდა ვუთხრა, რომ ამ შემთხვევაში, არჩევანს არა ორ თქვენთვის მისაღებ ადამიანს შორის – არამედ “ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის აკეთებთ. სანამ “ქართული ოცნების” კანდიდატურა დასახელდებოდა, მან არაერთ ადამიანს მიაკითხა და დახმარება სთხოვა, თუმცა ახლა – როცა პოზიციები გარკვეულია, მათგან ბევრი დაგვიკავშირდა, ვინც მხარს ისევ “ქართულ ოცნებას” დაუჭერს. მათი შტაბიდანაც ბევრი ინფორმაცია გამოდის, რომელსაც გავითვალისწინებთ. ოზურგეთის მოქმედ მერზე კომენტარს მოგვიანებით გავაკეთებ – თავის დროზე, მან როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა მცირე უპირატესობით გაიმარჯვა და ახლა არ მგონია ემოციური გადაწყვეტილება მიიღოს – შესაძლოა ვცდები, თუმცა თუ ასე მოხდა, ამით ის “ნაციონალური მოძრაობის” და გიორგი გახარიას პარტიის ამოცანას შეუწყობს ხელს, რომ მმართველ გუნდს როგორმე პროცენტები დააკლონ.

– ბატონო ავთანდილ, ვინ იქნება ოზურგეთში თქვენი შტაბის ხელმძღვანელი და ვის ჩართვას აპირებთ კამპანიაში?

– წინა არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ შტაბის ხელმძღვანელი პარტიამ არ უნდა შეცვალოს – დავით დარჩია ყველაფერს აკეთებს, რომ “ქართული ოცნება” ოზურგეთში იყოს კონსოლიდირებული და ძველსა და ახალ თაობებს შორის მაქსიმალური კეთილგანწყობა და თანამშრომლობა არსებობდეს. თავისთავად, მერაბ ჭანუყვაძე, როგორც პარტიული ორგანიზაციის ხელმძღვანელი – აქტიურად იქნება ჩართული შტაბის მართვაში. მინდა ასევე, გითხრათ, რომ ძალიან კვალიფიციური და საიმედო ადამიანი, თვითმმართველობის სფეროში ერთ-ერთი საუკეთესოდ მომზადებული კადრია გიორგი ღურჯუმელიძე. განსაკუთრებულად მინდა გამოვყო ქალი ლიდერების როლი და გამორჩეული წარმატება ოზურგეთის თვითმმართველობაში და ახლა უკვე მომავალ კამპანიაში – როგორც შტაბში, შემდგომ მერიის და რამდენიმე წამყვან პოზიციაზე სწორედ ქალ ლიდერებს მოვიაზრებთ. რა თქმა უნდა საარჩევნო სიაშიც ვგეგმავთ წარმატებული ქალი პოლიტიკოსების წარდგენას. კამპანიაში ოზურგეთში “ქართული ოცნების” სხვა ლიდერებიც ჩაერთვებიან, რომლებიც წინა წლებში მნიშვნელოვან პოზიციებზე მუშაობდნენ და ახლა კერძო სექტორში საქმიანობენ – ვისაც საზოგადოების ნდობა და პატივისცემა აქვს, ყველას წვლილს და დამსახურებას ვხედავ მომავალ გამარჯვებაში.

– როდის იწყებთ კამპანიას?

კამპანია უკვე დავიწყეთ. მე პირადად, ოზურგეთში ვიმყოფები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები