ზურაბ ჯაფარიძე: ვტოვებ პარლამენტს – “ოცნება” 19 აპრილის შეთანხმებიდან მხოლოდ ერთი მიზეზის გამო გავიდა, დაინახა რომ 43%-ის აღების ნული შანსი აქვთ

“მე ვტოვებ პარლამენტს – პარლამენტში ყოფნა იყო 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმოწერით ჩემს მიერ აღებული ვალდებულება – არ არსებობს შეთანხმება, არ არსებობს ვალდებულება”,- ამის შესახებ პარტია “გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

ჯაფარიძე “ქართული ოცნების” მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებულად გამოცხადებას გამოეხმაურა.

“ოცნება გავიდა 19 აპრილის შეთანხმებიდან – გავიდა მხოლოდ ერთი მიზეზის გამო – დაინახა რომ 43%-ის აღების ნული შანსი აქვთ, გავიდა მას შემდეგ რაც დაარღვია ამ შეთანხმების პრაქტიკულად ყველა პუნქტი;

დაარღვია მიუხედავად იმისა რომ მარკერით უხაზავდნენ რა უნდა გაეკეთებინათ ჩვენი დასავლელი პარტნიორები;გავიდა ამ დოკუმენტის ავტორის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტიდან 1 კვირის თავზე; აპელირება იმაზე რომ ნაციონალური მოძრაობა არ შეუერთდა შეთანხმებას, არის თითიდან გამოწოვილი ბოდვა; ეს შეთანხმება არ დადებულა ნაციონალური მოძრაობისთვის; ამ შეთანხმების შესრულება ქვეყნისთვის იყო მნიშვნელოვანი – ნუ, ასე თვლიდნენ ამერიკელები და ევროპელები; ამ შეთანხმებიდან გასვლა ნიშნავს უარს ამ ქვეყნის ევრო-ატლანტიურ მომავალზე; კიდევ ერთხელ დადასტურდა რომ ესენი არიან მატყუარები; ესენი არიან გადამგდებები​; მათთან რამეზე შეთანხმებას არ გააჩნია რაიმე ფასი

ზუსტად ისე როგორც კრემლთან. მე ვტოვებ პარლამენტს – პარლამენტში ყოფნა იყო 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმოწერით ჩემს მიერ აღებული ვალდებულება; არ არსებობს შეთანხმება, არ არსებობს ვალდებულება; იზოლაციიდან გამოსვლის შემდეგ კიდევ ერთხელ ოფიციალურად მივმართავ პარლამენტს; თუ ვინმე კიდევ ვერ აცნობიერებთ რა ხდება – ასე მყარდება დიქტატურა, ნელა და თავხედურად; როგორ არ დავუშვათ ეს – ეს უნდა იყოს ერთადერთი საფიქრალი დღეს ნებისმიერი წესიერი ადამიანისთვის”,- წერს ჯაფარიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები