ნათია თურნავა: კოვიდის მიუხედავად, საზღვაო სექტორი, პორტები არ გაჩერებულან, ასეც უნდა გაგრძელდეს მომავალში და ვაქცინაცია არის ამის უტყუარი გზა

„პრემიერ მინისტრის დავალებით, პირადად ვაორგანიზებ და ვესწრები კიდეც მსხვილი დამსაქმებელი კომპანიების, მნიშვნელოვანი სექტორების თანამშრომლების ვაქცინაციას – დღეს ფოთში ვიმყოფები, სადაც საზღვაო, საპორტე ინფრასტრუქტურაში დასაქმებული ადამიანების ვაქცინაცია მიმდინარეობს.

ესენი არიან ფოთის ტერმინალის, პორტის თანამშრომლები და საზღვაო სექტორის წარმომადგენლები ფოთში. ეს ის სფეროა, რომელიც უსაფრთხოდ ფუნქციონირებდა დღემდე და მიუხედავად კოვიდისა, ჩვენი პორტები არც ერთი წამით არ გაჩერებულან. ასეც უნდა გაგრძელდეს მომავალში და ვაქცინაცია არის ამის უტყუარი გზა”, – ამის შესახებ ნათია თურნავამ ფოთში განაცხადა, სადაც საზღაო სექტორში დასაქმებულთა ვაქცინაციის პროცესს დაესწრო.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრთან ერთად ფოთში იმყოფებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი და ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ იოსელიანი. მინისტრის შეფასებით, ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა, რითიც შესაძლებელია, თან შევებრძოლოთ და შევაჩეროთ პანდემიის გავრცელება, თან არ ჩავკეტოთ ეკონომიკა და პირიქით, ხელი შევუწყოთ ეკონომიკურ ზრდას.
„მასობრივი ვაქცინაცია საქართველოში დაწყებულია, გვაქვს საკმარისი რაოდენობის დოზები, 2 მილიონი სხვადასხვა ტიპის ვაქცინა არის შემოტანილი ქვეყანაში და კიდევ შემოვა დამატებით „ფაიზერის” მილიონი ვაქცინა. დიდი მოთხოვნაა ყველა მწარმოებლის ვაქცინაზე, მათ შორის განსაკუთრებით „ფაიზერს” ელოდა ჩვენი მოსახლეობა და არის შესაძლებლობა, ყველა დარეგისტრირდეს და არსებული წესის მიხედვით ჩაიტაროს ვაქცინაცია” – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო კვირის განმავლობაში მინისტრის თანდასწრებით მასობრივი ვაქცინაციის რამდენიმე ღონისძიება ჩატარდა, მათ შორის 24 ივლისს ბათუმში, სადაც ასევე საზღვაო სექტორის წარმომადგენლები აიცრნენ. ნათია თურნავას განცხადებით, მომავალშიც აპირებს სხვადასხვა დარგების, მსხვილი ბიზნესების, კომპანიების და ორგანიზაციების თანამშრომლების ვაქცინაციის პროცესს დაესწროს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები