იაგო ხვიჩია: ჯარიმების ამნისტია წინასაარჩევნო ამბავია, მაგრამ მისი უარყოფითად შეფასება არ შეიძლება
“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების დარღვევისთვის ჯარიმების ამნისტიას წინასაარჩევნო კამპანიად აფასებს.
“ეს ამბავი, რომ გასულ წელს აჯარიმებდნენ და დღეს აწერენ თავისთავად ცხადია, რომ არჩევნებს უკავშირდება და ისედაც მოსალოდნელი იყო. ჩვენ პოლიტიკურ სპექტრს სულ გვქონდა ეჭვი, ისე წერდნენ ჯარიმებს პოლიციელები, რომ მათაც კი ჰქონდათ რწმენა ეს არ აღსრულდებოდა. მოკლედ, რომ ვთქვა, გასაგებია, რომ ეს წინასაარჩევნო ამბავია, მაგრამ მისი უარყოფითად შეფასება არ შეიძლება იმის გამო, რომ ხელისუფლებამ ეს წინასაარჩევნოდ გააკეთა. საერთოდ არ უნდა დაეჯარიმებინა მოქალაქეები”, – აღნიშნა ხვიჩიამ.
იზოლაციის, კარანტინის, პირბადის ტარების წესისა და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დამრღვევ პირებს ამნისტია შეეხებათ. მთავრობის საპარლამენტო მდივნის, ბექა დოჭვირის განცხადებით, მთვარობის ინიციატივა დაახლოებით 245 ათასზე მეტ მოქალაქეს შეეხება და ჩამოწერილი იქნება 76 მილიონ ლარამდე გადაუხდელი ჯარიმა.