მაია ბითაძე: ასეთი ქცევა ჟურნალისტების მხრიდან არასდროს მინახავს, ეს ნამდვილად პირდაპირი წახალისებაა როგორც ძალადობის, ასევე – ჟურნალისტური პროფესიის მიზანმიმართული დისკრედიტაცია
“ასეთი ქცევა ჟურნალისტების მხრიდან არასდროს მინახავს, ეს ნამდვილად პირდაპირი წახალისებაა როგორც ძალადობის, ასევე – ჟურნალისტური პროფესიის მიზანმიმართული დისკრედიტაცია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მაია ბითაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს არაა სწორი გზა, მუდმივი არაფერია და ადამიანობისა და ღირსების შენარჩუნება მნიშვნელოვანია.
„დღეს პირველად გავიზიარე ის „ძალადობა“ და „ძალადობის“ მართლაც წახალისება, რომელსაც, სამწუხაროდ, ის გოგოები და ბიჭები ახორციელებენ, რომელთა რესპოდენტი, წლებია, ვარ. მიკროფონების სახეზე 5 სანტიმეტრში მოტანით, კამერების ლინზის ნაწილის თავში, პირდაპირი მნიშვნელობით, მორტყმით, კამერების განათების თვალებში მინათებით, მინიმუმ 20 ადამიანის ალყაში ყოფნით, ისე, რომ ვერც აღიქვამ სად დგახარ და ვერ ხედავ, საით უნდა წახვიდე – დადიხარ. ეს ხდება მაშინ, როდესაც მათ წინაშე იდექი 2 წუთით ადრე და აძლევდი კომენტარს, მაგრამ იქ არ დამისვეს კითხვები – როდესაც ვიდექი, აი, როდესაც დავიწყე სიარული, მაშინ, მიზნობრივად იწყებენ კითხვებს და დევნას და კითხვის შინაარსი იყო – უნდა აგოს თუ არა თეა წულუკიანმა, რომელსაც გუშინ ასევე „დაესხნენ“ თავს, სისხლის სამართლის წესით, მიკროფონის გამორთმევისთვის. 3 ათწლეულია, თითქმის, რაც საჯარო სამსახურში ვმუშაობ და ასეთი ქცევა ჟურნალისტების მხრიდან, არასდროს მინახავს, რაც ბოლო ერთი კვირაა ხდება. ეს ნამდვილად პირდაპირი წახალისებაა, როგორც ძალადობის, ასევე – ჟურნალისტური პროფესიის მიზანმიმართული დისკრედიტაცია. მეგობრებო, არ შეიძლება ასე! p.s. 1 – დამავიწყდა, მთავარი კითხვა – „რატომ არ მრცხვენია“, ალბათ, ვინც ამ კითხვას მისვამდა, ბედნიერი იქნებოდა, რომ კიბეებზე დევნისას თუნდაც ფეხი წამომედო და დავცემულიყავი, იმდენად ზიზღით იყო სავსე მისი კითხვა. მე თქვენ ასეთებს არ გიცნობდით! p.s. 2 – ამასთან, არ შემიძლია, არ გავუსვა ხაზი, რომ იმ გოგო-ბიჭებშიც აღმოჩნდნენ ღირსეულები, რომლებსაც ვატყობდი, რომ კატეგორიულად არ მოსწონდათ, რაც ხდებოდა, თუმცა, სამწუხაროდ, დუმილს ინარჩუნებდნენ. ეს არაა სწორი გზა! მუდმივი ნამდვილად არაფერია და ადამიანობისა და ღირსების შენარჩუნება, ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანია“, – აღნიშნავს მაია ბითაძე.