ნათია თურნავა: დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება 61 მოიჯარისთვის მათ მიერ იჯარით აღებული მიწების გამოსყიდვის შესახებ და ეს პროგრამა გაგრძელდება

“დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება 61 მოიჯარისთვის მათ მიერ იჯარით აღებული მიწების გამოსყიდვის შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ 61 მოიჯარე, ძირითადად, მცირე და საშუალო ზომის ფერმერი საკუთრებაში მიიღებს დაახლოებით 240 ჰექტარ მიწას”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება.
„დღეს საკმაოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო მთავრობამ. გასულ წელს ჩვენ დავამტკიცეთ სპეციალური პროგრამა, რაც გულისხმობს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე მეტ ხელმისაწვდომობას.
როდესაც ფერმერებს, ვინც გრძელვადიანი იჯარით ფლობდა მიწის ნაკვეთებს, მიეცათ შესაძლებლობა გამოისყიდონ ეს სავარგულები. ჩვენ ეტაპობრივად გამოგვაქვს ეს გადაწყვეტილებები. დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება 61 მოიჯარისთვის მათ მიერ იჯარით აღებული მიწების გამოსყიდვის შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ 61 მოიჯარე, ძირითადად მცირე და საშუალო ზომის ფერმერი საკუთრებაში მიიღებს დაახლოებით 240 ჰექტარ მიწას. ეს ნიშნავს, რომ ისინი უკვე შეძლებენ ამ საკუთრებით სარგებლობასა და საბანკო დაფინანსების მიღებას. მათ ასევე შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ ჩვენ მიერ მხარდაჭერილ პროგრამებში და გამოიყენონ ეს საინვესტიციო რესურსად; შეძლონ მათ მიერ მოწეული ნაყოფის გადამუშავება.
რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. ეს პროგრამა გაგრძელდება და ეტაპობრივად ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწა უფრო ყაირათიანად და ეფექტურად იყოს დამუშავებული და მიწაზე კერძო საკუთრება განმტკიცდეს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები