სოზარ სუბარი: მძიმე განცხადებებია, მაგრამ თუ ობიექტურ რეალობაზე ვილაპარაკებთ, შარლ მიშელის შეთანხმება სიტყვა-სიტყვითა და პუნქტებით შევასრულეთ ყველა ნაწილში

“შარლ მიშელის შეთანხმება სიტყვა-სიტყვითა და პუნქტებით შევასრულეთ ყველა ნაწილში, მათ შორის, სასამართლოს ნაწილში”, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა საქართველოს პირველ არხთან განაცხადა.

მისი თქმით, სასამართლოს მიმართულებით ყველაფერი მაქსიმალურად არის გაკეთებული.

„მძიმე განცხადებებია, მაგრამ თუ ობიექტურ რეალობაზე ვილაპარაკებთ, ობიექტური რეალობა ის რეფორმებია, რაც სასამართლო სისტემაში გატარდა და სასამართლოს მიმართ ნდობა, რომელიც კვლევით დაადასტურა მოსახლეობამ. თუ რიცხვებზე ვილაპარაკებთ, რეალობა ცა და დედამიწასავითაა შეცვლილი. თუ ვილაპარაკებთ იმაზე, რამდენად არის შარლ მიშელის დოკუმენტი შესრულებული, აქაც ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს შეთანხმება სიტყვა-სიტყვით და პუნქტებით შევასრულეთ ყველა ნაწილში, მათ შორის, სასამართლოს.

შარლ მიშელის დოკუმენტში რაც მოთხოვნა იყო – გაგვეჩერებინა დანიშვნები, ვიდრე ახალი წესი არ შევიდოდა ძალაში, ყველა ეს პუნქტი იყო გათვალისწინებული. თუ ვინმეს კონკრეტული მოსამართლეები არ მოსწონთ და მიაჩნიათ, რომ ეს მოსამართლეები არ უნდა იყვნენ, მაშინ ეს ღიად უნდა ითქვას და დასაბუთება მოჰყვეს. თუ შარლ მიშელის დოკუმენტიდან ამოვდივართ, მიმაჩნია, რომ ამ დოკუმენტის სულისკვეთება და გაგებაც სიტყვა-სიტყვით შესრულებულია“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შეასრულოს 19 აპრილის შეთანხმება, მათ შორის, უზენაეს სასამართლოში დანიშვნების შეჩერება გამჭვირვალე მართლმსაჯულების რეფორმის ჩატარებამდე.

ამასთან, სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ ღრმად შეწუხებულია საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დამტკიცების გამო, რაც ეწინააღმდეგება 19 აპრილის შეთანხმებას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები