თორნიკე შარაშენიძე: თუ მთავრობა არ დასჯის მოძალადეებს, მერე ალბათ შეიძლება, სანქციების საფრთხე იყოს რეალური, ახლა ამას ნამდვილად ვერ ვხედავ
“მხოლოდ მას შემდეგ, თუ მთავრობა არ დასჯის მოძალადეებს, მერე ალბათ შეიძლება, გახდეს საფრთხე რეალური სანქციების დადების, თორემ ახლა ამას ნამდვილად ვერ ვხედავ”, – ამის შესახებ საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამების ხელმძღვანელმა, თორნიკე შარაშენიძემ “დღის კურიერის” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ცხადია, რომ კიდევ უფრო მეტი საუბარი მიდის დახურულ კარს მიღმა ვაშინგტონსა და თბილისში.
“მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, თუ მთავრობა არ დასჯის მოძალადეებს და გააგრძელებს რაღაცების კეთებას, რაც არ მოგვეწონება ნორმალურ ადამიანებს და ამერიკის მთავრობას, მერე ალბათ შეიძლება გახდეს საფრთხე რეალური სანქციების დადების, თორემ ახლა ამ განცხადებიდან გამომდინარე მე ამას ნამდვილად ვერ ვხედავ.
რახან ეს გახმოვანდა ასე საჯაროდ ბრიფინგზე, თავისთავად ცხადია, რომ კიდევ უფრო მეტი საუბარი მიდის დახურულ კარს მიღმა ვაშინგტონში და თბილისში, აქაურ საელჩოსა და ჩვენს მთავრობას შორის და იქ ჩვენს საელჩოსა და ამერიკის მთავრობას შორის, თავისთავად ცხადია, ამაზე უფრო ინტენსიური საუბარი მიდის, ამაზე იქნება მოლოდინი და მკაცრი მონიტორინგი ამერიკის მხრიდან. ასეც უნდა იყოს ხო?! რად გვინდა ჩვენ ამერიკისგან თითის დაქნევა იმაზე, რომ მთავრობამ გამოიძიოს ის საშინელება, რაც მოხდა 5 ივლისს,” – აცხადებს თორნიკე შარაშენიძე.