„სუხიშვილებისა“ და „ერისიონის“ მოცეკვავეები აიცრნენ
დღეს „სუხიშვილებისა“ და „ერისიონის“ მოცეკვავეები ჩინური წარმოების ვაქცინით აიცრნენ.
„ერისიონი“ ჩართულია საყოველთაო ვაქცინაციაში, ჩვენთან სრულად აიცრა ყველა მსახიობი. მზად ვართ, გავემგზავროთ რეგიონებში კონცერტების გასამართად. „ერისიონის სახელით“ მოვუწოდებ ჩვენი სფეროს წარმომადგენლებს, აიცრან, რადგან ეს მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ასევე, მსოფლიოსთვის“, – განუცხადა „ქრონიკას“„ერისიონის“ მთავარმა ქორეოგრაფმა, ეკა ჭკუასელმა.
,,სუხიშვილების” ხელმძღვანლის, ნინო სუხიშვილის თქმით, ყველა უნდა აიცრას, რომ დაავადების გავრცელების შანსი იყოს დაბალი.
„ჩვენ სოციალურ ქსელში კარგა ხანია, გავაკეთეთ განცხადება, რომ აუცილებელია, ყველა აიცრას, რადგან საკმაოდ ხშირად გადიან ჩვენი ანსამბლის წარმომადგენლები ქვეყნიდან გასტროლებზე. ჩვენი ანსამბლის მოცეკვავეების 80% აიცრა მაისსა და ივნისში. ძალიან პატარა პროცენტი დარჩა, ვინც დღეს სრულად აიცრება და დასის 100% იქნება აცრილი. ყველა უნდა აიცრას, რომ დაავადების გავრცელების შანსი იყოს დაბალი“, – განაცხადა ნინო სუხიშვილმა.
საქართველოში Pfizer-ის ვაქცინები შემოვიდა. რეგისტრაცია მოქალაქეებს დღეს, 15:00 საათიდან შეეძლებათ.