“კორონავირუსის საწინააღმდეგო, სხვადასხვა მწარმოებლის ვაქცინების შერევა სახიფათო და ქაოსისშემცველია”, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინათანმა.
ამის შესახებ Reuters-ი წერს.
”ქვეყნებში ქაოსი დაიწყება, თუ მოქალაქეები თვითონ გადაწყვეტენ, როდის და ვინ მიიღებს მეორე დოზას, მესამე და მეოთხე დოზებს”, – თქვა მან და აღნიშნა, რომ ვაქცინის შერჩევა ”ცოტა საშიში ტენდენციაა”, რადგან პრეპარატების შერევის შესახებ საკმარისი ინფორმაცია არ არსებობს.
ივნისის ბოლოს ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოაქვეყნეს კვლევა, რომლის თანახმად, AstraZeneca-სა და Pfizer-ის ვაქცინების ერთდროული გამოყენება იძლევა კორონავირუსისგან მეტ იმუნიტეტს.
მაგალითად, მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ორი განსხვავებული ვაქცინის შერეული გამოყენება, თანმიმდევრობის მიუხედავად, უფრო მეტ ანტისხეულს წარმოქმნის, ვიდრე – AstraZeneca-ს ორი დოზა. მათ ასევე დაასკვნეს, რომ პრეპარატების შერევა აქტუალურია დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის, რაც მათ ვაქცინების დეფიციტთან გამკლავებაში დაეხმარება.
გარდა ამისა, ტაილანდის “წითელი ჯვრის საზოგადოებისა” და გენეტიკური ინჟინერიისა და ბიოტექნოლოგიის ეროვნული ცენტრის მკვლევრებმა განაცხადეს, რომ AstraZeneca-სა და ჩინური “სინოვაკის” კომბინაცია ადამიანს „დელტას“ შტამისგან უკეთ იცავს.