ჯუანშერ ბურჭულაძე: 2004 წლიდან ავღანეთში მიმდინარე მისია ნათლად მოწმობს, თუ რა მნიშვნელობას ვანიჭებთ ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მხარდამხარ გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებას

“მსოფლიო მშვიდობის უზრუნველყოფასა და ტერორიზმთან ბრძოლას ქართულმა ჯარმა არაერთი გმირის სიცოცხლე შესწირა და მინდა, პატივი მივაგო ჩვენი გმირი სამხედროების ხსოვნას, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად ემსახურნენ ქვეყანას”, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ სენაკში, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მონაწილე ქვედანაყოფების სამშვიდობო მისიის დასრულების ღონისძიებაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს თავდაცვის ძალები მუდმივად იქნება მზად, შეასრულოს ყველა დაკისრებული ამოცანა, მისთვის დამახასიათებელი უმაღლესი პროფესიონალიზმით.

,,გილოცავთ ჩვენი სამხედროების ერთ-ერთი ხანგრძლივი და წარმატებული მისიის დასრულებას ავღანეთში. დღეს თქვენთან ერთად ვარ ამაყი, რადგან ჩვენმა სამხედროებმა მისიაში თავიანთი პროფესიონალიზმით, თავდადებითა და მებრძოლი სულით საუკეთესოდ წარმოაჩინეს ქართული სახელმწიფო და ჩვენი ჯარი.

2004 წლიდან ავღანეთში მიმდინარე მისია ნათლად მოწმობს, თუ რა მნიშვნელობას ვანიჭებთ ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მხარდამხარ გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებას. ჩვენი პარტნიორები ამ ძალისხმევას და მზადყოფნის დონეს ყოველთვის განსაკუთრებულად აფასებენ. თითოეულ თქვენგანს, ვინც დაბრუნდით მისიიდან, გილოცავთ დღევანდელ დღეს და ამასთანავე, ათასობით სამხედროს, ვინც წლების განმავლობაში სხვადასხვა როტაციის დროს მსახურობდით ავღანეთის სამშვიდობო მისიაში, მსურს მადლობა გადაგიხადოთ ღირსეული სამსახურისთვის. ჩვენს ჯარს დღეს პარტნიორები იცნობენ, როგორც გაბედულ, მამაც და ღირსეულ ჯარს და ეს სწორედ თქვენი დამსახურებაა. აღსანიშნავია, რომ ჩვენმა ჯარმა ამ დროის განმავლობაში მიიღო მნიშვნელოვანი საბრძოლო გამოცდილება, რამაც კიდევ უფრო გააუმჯობესა თავდაცვის ძალების დონე. მსოფლიო მშვიდობის უზრუნველყოფას და ტერორიზმთან ბრძოლას ქართულმა ჯარმა არაერთი გმირის სიცოცხლე შესწირა და მინდა პატივი მივაგო ჩვენი გმირი სამხედროების ხსოვნას, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად ემსახურნენ ქვეყანას. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო მისიის შესრულებისას ჩვენს ასობით დაჭრილ-დაშავებულ სამხედროს და გპირდებით, უკვე გადადგმულ ნაბიჯებთან ერთად, მაქსიმალურად გავაგრძელებთ თქვენ მხარდაჭერას და გვერდში დგომას. დარწმუნებული ვარ, ჩვენი სამხედროების მაღალი რეპუტაცია მომავალშიც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

მე ასევე მივესალმები იმ სამხედროებს, რომელებიც დღესაც იმყოფებიან და მომავალშიც გააგრძელებენ სამსახურს პარტნიორებთან ერთად, გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით. საქართველოს თავდაცვის ძალები მუდმივად იქნება მზად, შეასრულოს ყველა დაკისრებული ამოცანა, მისთვის დამახასიათებელი უმაღლესი პროფესიონალიზმით. ჩვენ გპირდებით, რომ არ დავზოგავთ თავს და განვაგრძობთ თქვენზე და თქვენს ოჯახებზე ზრუნვას. ჩვენ გპირდებით, რომ საკანონმდებლო დონეზე შეგიქმნით საცხოვრებელ და სხვა სოციალურ გარანტიებს. ჩვენ გპირდებით, რომ საქართველოს ჯარისკაცი იქნება კიდევ უფრო დაფასებული და ამაყი. მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ მისიის დასრულება და გისურვოთ წარმატება“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები