ჯიოევი “ბინოკლებით” ცხინვალის დათვალიერებას აპროტესტებს და საქართველოს მორიგ ბრალდებებს უყენებს
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. წარმომადგენელი პოსტკონფლიქტურ საკითხებში მურათ ჯიოევი აცხადებს, რომ “საქართველოს ხელისუფლება” ე.წ. რესპუბლიკის იმიჯს საერთაშორისო საზოგადოების თვალში გამიზნულად აზიანებს.
ამის შესახებ მან ცხინვალში ბრიფინგზე, ჟენევის დისკუსიების ბოლო რაუნდის შეჯამების დროს განაცხადა.
მისი თქმით, დისკუსიებში, ტრადიციულად, დიდი ყურადღება ექცევა იურიდიულად სავალდებულო ხელშეკრულებას ძალას გამოუყენებლობის შესახებ, ერთი მხრივ, “საქართველოსა და აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს” შორის.
”უსაფრთხოების ერთ-ერთ მნიშვნელოვან რისკად რჩება სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ საქართველოს დეზინფორმაციული ომი. საერთაშორისო ტრიბუნებზე წვდომის საშუალებით, საქართველოს ხელისუფლება ქმნის ჩვენი რესპუბლიკის სრულიად არარეალისტურ უარყოფით იმიჯს, როდესაც სხვა სახელმწიფოების წარმომადგენლები ან საერთაშორისო მაღალჩინოსნები ჩადიან საქართველოში, მათ ექსკურსიებს უწყობენ სამხრეთ ოსეთის საზღვართან და ისინი ბინოკლით ჩვენს რესპუბლიკას ათვალიერებენ”, – თქვა მან.
ჯიოევმა განმარტა, რომ “სამხრეთ ოსეთი არის ღია სახელმწიფო, რომელიც მზად არის, უმასპინძლოს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელს, რომელთაც სურთ, აკრედიტაცია ჩაუტარდეთ რესპუბლიკაში, მაგრამ ბინოკლების საშუალებით ძალიან რთულია ქვეყანაში რეალური სიტუაციის დანახვა”.
“ამავე დროს, ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ ბოლო დროს გიდის ფუნქციას სულ უფრო ხშირად ევროკავშირის მისია ითავსებს, რაც მის მანდატში არ შედის”, – დასძინა ჯიოევმა.