ნათია მეზვრიშვილი: მადლობებს რომ იხდიან, პოლიციას უნდა უხდიდნენ ბოდიშს, მთლიანად, იმ უმართავ პროცესებზე, რაც გუშინ ხდებოდა, პასუხისმგებელია ხელისუფლება, რომელიც ამოეფარა ხალხს
მადლობებს რომ იხდიან, პოლიციას უნდა უხდიდნენ ბოდიშს, მთლიანად, იმ უმართავ პროცესებზე, რაც გუშინ ხდებოდა, პასუხისმგებელია ხელისუფლება, რომელიც ამოეფარა ხალხს, –ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის დროშის ჩამოხსნაც ძალიან ცუდი მესიჯია.
„როგორც წინა დღეებში, ძალადობა ჯერ დაუშვეს, პრევენცია არ მოახდინეს და შემდეგ დაგმეს. ზუსტად იგივე მოხდა, პოლიცია დააყენეს, 48 საათის განმავლობაში სამოქალაქო დაპირისპირებას აყურებინეს უმოძრაოდ, ღირსება, როგორც ჩანს, ამ პოლიციის ხელისუფლებისთვის არ ნიშნავს არაფერს;
მადლობებს რომ იხდიან, პოლიციას უნდა უხდიდნენ ბოდიშს. მთლიანად, იმ უმართავ პროცესებზე, რაც გუშინ ხდებოდა, პასუხისმგებელია პირველ რიგში არის ხელისუფლება, რომელიც ამოეფარა ხალხს. ხელისუფლება ასაღებს ამას, როგორც საზოგადოების მხრიდან დაკვეთილ ძალადობას და ფაქტობრივად, საზოგადოებას აყენებს ამით შეურაცხყოფას. ვერ ვნახე ვერც ერთი ადამიანი, მათ შორის ის ადამიანი, რომლისთვისაც მიუღებელი იყო პრაიდის ჩატარება, რომელიც ძალადობას ამართლებს. უნარი არ აქვს ხელისუფლებას, რომ დაპირისპირების განმუხტვა მოახდინოს; ფაქტობრივად, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს დაპირისპირება გაღვივებულიყო. მას შეეძლო, მარტივი რაღაც გაეკეთებინა – დღეს ხომ კანონი ირღვევა პრაქტიკულად ყველა ასპექტში, შეეძლო ხელისუფლებას, დაერღვია კონსტიტუცია, დაერღვია კანონი, საკუთარ თავზე აეღო ღონისძიების არჩატარება, არ დაეშვა ეს პასუხისმგებლობა. შემდეგ დასავლელ პარტნიორებთან ამისი პოლიტიკური ფასიც გადაეხადა, მაგრამ იმის გამო, რომ ხელისუფლებას ასეთი ხისტი გადაწყვეტილების მიღების არც გამბედაობა ეყო არც კვალიფიკაცია, არც უნარი, მთელი ეს პასუხისმგებლობა გადაიტანა ხალხზე.
ევროკავშირის დროშის საკითხზეც, ძალიან ცუდი მესიჯია, ვხედავთ ბოლო დღეების განმავლობაში ხელისუფლება ხან ამ ადამიანების სახელით ესხმის თავს დასავლურ ღირებულებებს. დროშის ჩამოხევაც ერთ-ერთი მაგალითია, ხან მოსამართლეების გამოყენებით, რომლებიც გამოდიან და შეგვახსენებენ, რომ დასავლეთის მხრიდან იმ მოთხოვნების შესრულება ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევაა. აი, ასეთი ტიპის განცხადებები, სხვადასხვა პირით წარმოთქმული ქვეყანას შეიძლება, ძვირი დაუჯდეს და როდესაც ვლაპარაკობთ ვიწრო პარტიული ინტერესებიდან მოქმედებაზე, სწორედ ამაზე ვლაპარაკობთ, ქვეყნის იმიჯი დაზიანდა“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.