ალექსანდრე რაქვიაშვილი: ჩემთვის უკეთესი იქნებოდა, პოლიციას მეტი გაეკეთებინა და ევროკავშირის დროშის ჩამოხსნა არ დაეშვა

“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, პოლიციელებმა გუშინ პარლამენტთან ადამიანები დაიცვეს, თუმცა, მათ მეტი უნდა გაეკეთებინათ და ევროკავშირის დროშის ჩამოხსნა არ დაეშვათ.

მისივე შეფასებით, აღნიშნული ქმედებით კონკრეტულმა ადამიანებმა აჩვენეს, რომ ქვეყნის ევროპულ გზას ეწინააღმდეგებიან.

“საბოლოოდ, პოლიციამ ასე თუ ისე ადამიანები დაიცვა. ევროკავშირის დროშას რაც დაემართა, ეს ჩვენთვის სიმბოლური და ძალიან ცუდი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები, რომლებიც აგრესიულად იყვნენ განწყობილი, აშკარად უმცირესობაში არიან, ჩემთვის უკეთესი იქნებოდა, პოლიციას მეტი გაეკეთებინა და დროშის ჩამოხსნა არ დაეშვა. 100 ადამიანი თუ დაუჭირეს, 200-300 დაეჭირათ და ის არ გაებედათ, რაც გააკეთეს. ეს ქმედება მათი პოლიტიკის პირდაპირი გამოხატვა იყო, რომ ეს ადამიანები აშკარად ეწინააღმდეგებიან ჩვენს ევროპულ გზას. ისინი არიან აბსოლუტურ უმცირესობაში, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, პოზიციის ასეთი გამოხატვა მისაღები არაა”, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

ევროკავშირის დროშა პარლამენტთან გუშინ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეებმა ჩამოხსნეს, ის დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ კვლავ აღმართა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები