"ჩვენ ვხედავთ უფრო მეტად მომწიფებულ დემოკრატიას საქართველოში“
თავისუფალი და სამართლიანი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოში დემოკრატია უფრო მეტად მომწიფდა. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. რასმუსენმა აღნიშნა, რომ საქართველო არის უდიდესი ნატოს არაწევრი კონტრიბუტორი ISAF-ის ოპერაციაში ავღანეთში.
“ჩვენ ვხედავთ უფრო მეტად მომწიფებულ დემოკრატიას საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. საქართველო არის უდიდესი არაწევრი კონტრიბუტორი ISAF-ის ოპერაციაში ავღანეთში და ის ასევე მიიღებს მონაწილეობას 2014 წლის შემდეგ ავღანეთში ნატოს საწვრთნელ მისიაში. საქართველომ ასევე განაცხადა, რომ 2015 წლიდან წვლილს შეიტანს ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში. ეს საქართველოს მიერ ვალდებულებების შესრულების მნიშვნელოვანი დემონსტრირებაა. ჩვენ ვმუშაობთ ერთად და თქვენს გვერდით ვართ შეიარაღებული ძალების რეფორმირებაში, რომ დავეხმაროთ მათ ნატოს სტანდარტების მიღწევაში, რათა ისინი შესაბამისად მომზადებული შეხვდნენ თქვენი ქვეყნის წინაშე არსებულ ნებისმიერ შესაძლო საფრთხეს”, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
ანდერს ფოგ რასმუსენმა აღნიშნა, რომ ახლა პრიორიტეტულია, გაგრძელდეს რეფორმების იმპლემენტაცია ყველა მიმართულებით – თავდაცვის სფეროში, კანონის უზენაესობისა და ადგილობრივი მთავრობის მიმართულებით.