ვახტანგ შაქარიშვილი: მივმართავ დიპლომატიურ კორპუსს – მოგვეცით საშუალება, ვიცხოვროთ ჩვენი ისტორიით და მომავალი ჩვენი კულტურით ვაშენოთ
თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი, ვახტანგ შაქარიშვილი მიიჩნევს, რომ ე.წ. ღირსების მარშს პროგრესთან საერთო არაფერი აქვს. დეპუტატი დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს და აცხადებს, რომ დღეს სახეზეა ლიბერალური უმცირესობის დიქტატის მცდელობა კონსერვატიულ უმრავლესობაზე. განცხადებები ამის შესახებ ვახტანგ შაქარიშვილმა საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
„მივმართავ დიპლომატიურ კორპუსს – მოგვეცით საშუალება, ვიცხოვროთ ჩვენი ისტორიით და მომავალი ჩვენი კულტურით ვაშენოთ. სამწუხაროდ გარკვეულმა სახელმწიფოებმა თუ საერთაშორისო ორგანიზაციებმა არ იკმარეს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში სიღრმისეული ჩარევა და ახლა უკვე ჩვენი ქვეყნისა და ხალხის სულიერ ცხოვრებაში ერევიან უხეშად.
მათი განცხადებები არ შეეფერება ქვეყნებს შორის მეგობრულ დამოკიდებულებას და სცდება დიპლომატიურ ეთიკას, ეს ყველაფერი ემსგავსება მთავრობის “ხელით მართვაზე” გადაყვანის მცდელობას. სხვანაირად ვერ შეფასდება მათი აქტიური მონაწილეობა ამ პროცესში. თანაც ეს კეთდება პროგრესის საფარქვეშ“, – აცხადებს საკრებულოს წევრი.
მისივე თქმით, თავის დროზე ბოლშევიკებიც ქრისტიანობის წინააღმდეგ პროგრესის სახელით მოქმედებდნენ, დღეს კი იმავეს ლიბერალები აკეთებენ. საკრებულოს წევრი ასევე აცხადებს, რომ უცხო ქვეყნებისა და ქვეყანაში ფსევდო ლიბერალური ძალების მხრიდან წარმოებული ბრძოლა, სცდება სექსუალური უმცირესობის თითიდან გამოწოვილ თემას და პროცესი ზოგადად მარადიული ღირებულებების გადაგვარებისკენ არის მიმართული.
„დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლების ასეთი საქმიანობა კონტრპროდუქტიულია და აღვივებს ანტიდასავლურ განწყობებს. საბედნიეროდ ჩვენ გვყავს მოკავშირეები დასავლელი კონსერვატორების სახით, რომლებთანაც საერთო ღირებულებები გვაერთიანებს – ღმერთი, სამშობლო, ოჯახი, ტრადიციული მორალი. სამწუხაროდ ხელისუფლება არ აღმოჩნდა ჩვენი მოკავშირე. „ქართული ოცნება“ დღეს ანტიეროვნული კამპანიის მხარდამჭერად გვევლინება. ისინი უსუსურად გამოიყურებიან, ვერ ახერხებენ ქართველი ხალხის პოზიციის პრინციპულად დაცვას და გვრჩება განცდა რომ ისინი ელჩებს ემსახურებიან და არა ქართულ საზოგადოებას. როდესაც ხელისუფლება ვერ იცავს ჩვენს ინტერესებს, ამას კიდევ ერთხელ გავაკეთებთ ჩვენ!
ეკლესიაა ერთადერთი ინსტიტუციაა ამ ათასწლეულების მანძილზე, რომელიც ქართულ კულტურულ იდენტობას ინახავს, ამიტომაც ქაშუეთის ეზოში, რუსთაველზე შევიკრიბებით და ღირსება გაიმარჯვებს უღირსობაზე! ეს საერთო ბრძოლაა ყველა დიდი რელიგიისთვის და ჯანსაღი საზოგადოებისთვის, ისინი ჩვენთან ერთად იცავენ ამ ფასეულობებს, ამიტომაც გაკეთდა მკაფიო განცხადებები მუსლიმების, იუდეველების და იეზიდების მხრიდან. ჩვენ არასოდეს დავმარცხდებით თუ ხელს არ ავიღებთ ღმერთზე“,- აცხადებს ვახტანგ შაქარიშვილი.