თენგიზ ცერცვაძე: უნდა ავიცრათ იმ ვაქცინით, რომელიც გვაქვს
“ვინაიდან მთელ მსოფლიოში, გარდა ამერიკისა და ისრაელისა ვერ ხერხდება, რომ ქვეყნის მთელმა მოსახლეობამ „ფაიზერით“ აიცრას, უბრალოდ არ არის ამდენი „ფაიზერი“ ფიზიკურად, ამიტომ ჩვენ უნდა ავიცრათ იმ ვაქცინით, რომელიც გვაქვს”, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
ცერცვაძე იმედოვნებს, რომ ვაქცინაციის რეგისტრაციის პორტალზე შეფერხება მალე მოიხსნება და ხვალიდან მასიური ვაქცინაცია დაიწყება.
„შეფერხება ხშირად არის და არა მარტო ვაქცინაციის პროცესში და ვაქცინაციის საიტზე, არამედ გაცილებით უფრო დაცულ საიტებზეც, მაგრამ თუ ეს არ გამოსწორდა არსებობს სარეზერვო გეგმები, რომ ადგილზე მოხდეს რეგისტრაცია, არის სარეზერვო გეგმები, რომ იქნება ცოცხალი რიგის პრინციპი, რომელიც ნაკლებად კომფორტულია, მაგრამ არ არის პრობლემა და მე არ მგონია, რომ არ გამოსწორდეს, ტექნიკური პრობლემები სწორდება რამდენიმე საათში ან დღეში. მე ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ ხვალიდან მასიური ვაქცინაცია დაიწყება. ვაქცინაციაზე იქნება მაღალი მოთხოვნა. რადგან არსებობს ინფორმაცია, რომ მილიონი დოზა „ფაიზერი“ შემოდის, შესაძლოა მოქალაქეების გარკვეული ნაწილი წაახალისოს იმისკენ, რომ დაელოდონ „ფაიზერს, მაგრამ ჩინურმა ვაქცინამ უკვე დაამტკიცა თავისი ეფექტიანობა, მას ჰყავს უკვე თავისი მომხრეები, ის უსაფრთხოა. ჯამში აქტივობა იქნება და ეს აქტივობა იქნება მზარდი. ვერც ერთმა ქვეყანამ, გარდა ამერიკისა და ისრაელისა ვერ უზრუნველყო და ვერ შეძლო, რომ მთელი მოსახლეობისთვის საკმარისი „ფაიზერის“ დოზა ჩამოეტანა. კარგია „ფაიზერი“, მაგრამ ვინაიდან, მთელ მსოფლიოში, გარდა ამერიკისა და ისრაელისა ვერ ხერხდება, რომ ქვეყნის მთელმა მოსახლეობამ „ფაიზერით“ აიცრას, უბრალოდ არ არის ამდენი „ფაიზერი“ ფიზიკურად და რომ ვერ ხერხდება ეს, ამიტომ ჩვენ უნდა ავიცრათ იმ ვაქცინით, რომელიც ხელთ არის. თავად ამერიკელების და ევროპელების სლოგანია, რომ უნდა ავიცრათ იმ ვაქცინით, რომელიც დღეს გვაქვს და ვაქცინებს შორის განსხვავება არის, მაგრამ გაცილებით ნაკლები და ნაკლებად მნიშვნელოვანი, ვიდრე ის ზარალი, რომლსაც ჩვენ მივიღებთ მოლოდინის რეჟიმში ყოფნით“, – განაცხადა ცერცვაძემ.