„თბილისი პრაიდი“ დაგეგმილ მარშთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„თბილისი პრაიდი“ 5 ივლისს დაგეგმილ ღირსების მარშთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„მეგობრებო, პრაიდ-კვირეულის ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებას მივუახლოვდით. ღირსების მარშია!

ჩვენ გვჯერა, რომ ერთად ვქმნით ისტორიას და ვდგამთ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯებს ისეთი სახელმწიფოს შენებაში, სადაც ადამიანის უფლებები დაცული იქნება და ადამიანებს ექნებათ თანასწორი შესაძლებლობები.

ლგბტქ ადამიანებისა და მხარდამჭერების მხრიდან ვხედავთ ძალიან დიდ ინტერესს ხვალინდელ ღირსების მარშთან დაკავშირებით. როგორც უკვე ვიცით, იგეგმება კონტრაქცია ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან. ჩვენ ვართ მშვიდობიანი დემონსტრანტები და არ გვსურს, ღირსების მარშს მოჰყვეს ძალადობრივი ინციდენტები. სწორედ ამის გამოსარიცხად, ვცდილობთ, მაქსიმალურად შევამციროთ კონტრაქციის მონაწილეებთან ფიზიკური შეხების შესაძლებლობა.

აქციის საორგანიზაციო გუნდი მუშაობს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ამ მიზნით, აქტიურ კომუნიკაციაში ვიმყოფებით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან.

5 ივლისს, დღის პირველ ნახევარში საბოლოოდ შეთანხმებულ გეგმას გავაჟღერებთ. გელოდებით ღირსების მარშზე! მანამდე კი გთხოვთ, თვალი მიადევნოთ ივენთში თბილისი პრაიდის მიერ განთავსებულ ინფორმაციას“, – ნათქვამია „თბილისი პრაიდის“ განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები