ავთანდილ ცინცაძემ მოსახლეობას ოთხწლიანი მუშაობის ანგარიში წარუდგინა

თბილისის საკრებულოს საბურთალოს მეოთხე ოლქის მაჟორიტარმა წევრმა ავთანდილ ცინცაძემ ვაშლიჯვრისა და სოფელი დიღმის მოსახლეობას 2018-2021 წლების ანგარიში წარუდგინა.

თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, დეპუტატმა იმ მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა, რომელიც მის სამაჟორიტარო ოლქში აღნიშნულ პერიოდში განხორციელდა. გარდა ამისა, ავთანდილ ცინცაძემ ადგილობრივებს ვაშლიჯვარსა და სოფელ დიღომში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზეც მიაწოდა ინფორმაცია.

როგორც დეპუტატმა განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ის პროექტი, რომელიც მის სამაჟორიტარო ოლქში განხორციელდა, ან მიმდინარეობს, მოსახლეობის აქტიური ჩართულობის შედეგად დაიგეგმა.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მოსახლეობის აქტიური ჩართულობით, გამოვკვეთეთ ის პრიორიტეტები, რომლებიც ვაშლიჯვარსა და სოფელ დიღომში ადგილობრივებისთვის აქტუალური იყო და სწორედ ასე დაიგეგმა განსახორციელებელი პროექტები”, – განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.

მისი თქმით, 2018-2021 წლებში ვაშლიჯვარსა და სოფელ დიღომში განხორციელდა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და სხვადასხვა სახის პროექტები. მათ შორის აღსანიშნავია,  მარშალ გელოვანის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩების კვეთაზე  ორდონიანი, 246 მეტრი სიგრძის ესტაკადის მოწყობა; თოფურიძის ქუჩის  კაპიტალური რეაბილიტაცია; თოფურიძისა და მაჭავარიანის ქუჩების დამაკავშირებელი გზისა  და დიღომი-დიდგორი-თელოვანის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის 5 კილომეტრიანი მონაკვეთის მოწყობა. როგორც ავთანდილ ცინცაძემ განაცხადა, უახლოეს პერიოდში დასრულდება მუხრან მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი საავტომობილო  გზის სამშენებლო სამუშაოები.

გარდა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებისა, დეპუტატის თქმით, ვაშლიჯვარსა და სოფელ დიღომში ქუჩებისა და შიდა ეზოების  კეთილმოწყობის სამუშაოებიც ჩატარდა. აღნიშნული საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოებიდან   ავთანდილ ცინცაძემ სოფელ დიღომში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩა გამოყო. დეპუტატის თქმით, აღნიშნულ ქუჩაზე, 11 320 კვ.მ ფართობზე,  გზის საფარი  კაპიტალურად მოწესრიგდა  და  წყალარინების ახალი ქსელი მოეწყო.  როგორც დეპუტატმა განაცხადა, წყალარინების ქსელი ვაშლიჯვრისა და განსაკუთრებით სოფელი დიღმისთვის საკმაოდ აქტუალური საკითხია და ამ მიმართულებით არაერთი პროექტი განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც სრულად განახლდა, ან მოეწყო ახალი მიწისქვეშა კომუნიკაციები.

ავთანდილ ცინცაძემ სკვერების მოწყობა-რეაბილიტაციის შესახებაც ისაუბრა და მოსახლეობას ის სამუშაოები გააცნო, რაც ამ მიმართულებით ვაშლიჯვარსა და სოფელ დიღომში ჩატარდა. თბილისის საკრებულოს მაჟორიტარმა წევრმა მოსახლეობას ოთხწლიანი მუშაობის ანგარიში სწორედ ახლადრეაბილიტირებულ სკვერში წარუდგინა. ვაშლიჯვარში, თოფურიძის ქუჩაზე მდებარე 7000კვ.მ ფართობზე განთავსებულ ყველაზე დიდ სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, რომლის ფარგლებშიც, რეკრეაციულ სივრცეში ატრაქციონები დამონტაჟდა, მოეწყო ფიტნეს ზონა, დაიგო საფეხმავლო ბილიკი,  დამონტაჟდა ლედ სანათები, მოეწყო აუზი და აუზზე გადასასვლელი საფეხმავლო ხიდი, დაირგო ხე-მცენარეები.

რაც შეეხება სოფელ დიღომს, აქ ავთანდილ ცინცაძემ ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, 6 100 კვ.მ ფართობზე  მოწყობილი სკვერი გამოყო, სადაც ასევე სრულად მოეწყო სარეკრეაციო სივრცისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.

თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მეოთხე ოლქის მაჟორიტარმა წევრმა დედაქალაქის მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებაზე, ჯანსაღი ცხოვრების  წესის პოპულარიზაციაზეც ისაუბრა და მოსახლეობას სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. მისი თქმით, ვაშლიჯვარში მოეწყო და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 6, ხოლო სოფელ დიღომში 3 სპორტულ მოედანს. გარდა ამისა, ავთანდილ ცინცაძის თქმით, სხვადასხვა მისამართებზე მოეწყო სატრენაჟორო სივრცეები.

ავთანდილ ცინცაძემ ვრცლად ისაუბრა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროგრამისა  და ამ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შესახებაც.

გარდა ამისა, მაჟორიტარი დეპუტატის ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საბავშვო ბაგა-ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციას. მისი თქმით, ვაშლიჯვარსა  და სოფელ დიღომში  თანამედროვე სტანდარტების, ახალი საბავშვო ბაღები აშენდა, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება კიდევ ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას, მუნიციპალურ ტრანსპორტს, ავთანდილ ცინცაძემ მოსახლეობას ამ მიმართულებით გაწეული სამუშაოების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.

„მოგეხსენებათ, რომ თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, სრულად მოხდა მუნიციპალური ავტოპარკის განახლება. ძველი ავტობუსები  ახალი, ევრო 6-ის ემისიის სტანდარტის ავტობუსებით ჩანაცვლდა. კონკრეტულად ვაშლიჯვარში კი #27 მარშრუტზე მოძრავი ძველი ავტობუსები „ISUZU“-ს  მარკის 8-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდა, ხოლო მეტროსადგურ დიდუბიდან მეტრო დელისის მიმართულებით ახალი #89 ავტობუსის მარშრუტი დაინიშნა, რომელიც სოფელი დიღმისა და ვაშლიჯვრის გავლით მოძრაობს”,- განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.

ოთხწლიანი მუშაობის ანგარიშში ვაშლიჯვრის დამეწყრილი ზონაც მოხვდა. ავთანდილ ცინცაძემ მეწყრის შესაჩერებლად ჩატარებული სამუშაოების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ დროისთვის მეწყერი მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

ანგარიშის ბოლოს, ავთანდილ ცინცაძემ პანდემიის პირობებში საკრებულოს მიერ განხორციელებული კამპანიის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ დედაქალაქის საკრებულო სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს დაეხმარა, რომელთაც ოთხი და მეტი შვილი ჰყავთ. დეპუტატის თქმით, აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, ვაშლიჯვარსა და სოფელ დიღომში,  საკვები პროდუქტებით და პირველადი მოხმარების ნივთებით დახმარება 397  ოჯახს გაეწია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები