კოლხეთისა და მტირალას ეროვნულ პარკებს, კინტრიშისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს შესაძლოა იუნესკოს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭოს
„ესაა უნიკალური შემთხვევა, როცა საქართველომ საკუთარი დაცული ტერიტორიები იუნესკოში წარადგინა, როგორც ბუნებრივი მემკვიდრეობის ერთ-ერთი გამორჩეული ტერიტორიები, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილმა განაცხადა.
„ჩვენ გვაქვს ძალიან პოზიტიური სიგნალები იუნესკოდან. ივლისში, დაახლოებით 20 რიცხვისთვის, ჩვენ ველოდებით იუნესკოს საბოლოო გადაწყვეტილებას, რომ კოლხური ჭარბტენიანი ტერიტორიები აღიარონ საერთაშორისო დონეზე, როგორც გამორჩეული დაცული ტერიტორიები თავისი ბუნებრივი სიმდიდრითა და ბიომრავალფეროვნებით. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გავწიეთ ძალიან დიდი სამუშაო იუნესკოს ექსპერტებთან ერთად, რათა ქვეყანას მოემზადებინა განაცხადი. ეს ტერიტორიები და საქართველო მთლიანად მოხვდება იუნესკოს მსოფლიო რუკაზე და გარდა მატერიალურ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა, რომელიც უკვე აღიარებულია იუნესკოს მიერ, ჩვენ გვექნება ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლი, რომელსაც აღიარებენ“, – განაცხადა თანდილაშვილმა.
მისი თქმით, ეს აქცევს ამ ტერიტორიებს მიზიდულობის ცენტრად და საქართველოს გააჩენს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის რუკაზე.
„რაც კიდევ ერთხელ ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანაში ტურიზმის სექტორის გაძლიერებასა და დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორების ზრდას. ეს პოზიტიური გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ იქნება მიღებული, რაც ქვეყნის ბუნებისა და ბიომრავალფეროვნების აღიარება იქნება“, – აღნიშნა თანდილაშვილმა.