საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ჯეიმს აპატურაი ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა.
„პრაქტიკულად, მეთერთმეტე წელია, ამ პოზიციაზე, როგორც პირადი წარმომადგენელი ნატო-ს გენმდივნის, კურირებს ჩვენ რეგიონს და წარმოადგენს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკონტაქტო ადამიანს ნატო-ს სტრუქტურებში და ის არის საქართველოს მეგობარი. ზოგჯერ ვფიქრობ, ჯეიმს აპატურაი ნაკლებად იყო პირადი წარმომადგენელი გენმდივნის ნატო-ში და მეტად იყო საქართველოს პირადი წარმომადგენელი ნატო-ში. ეს არის ის მთავარი მოტივაცია, რატომაც გადავწყვიტე, რომ ამ 11 წლისთავზე გადმოგცეთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ქართული ჯილდო, რომელსაც ჩვენ ვანიჭებთ მხოლოდ უცხოელებს, რომლებმაც სერიოზული და მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს საქართველოს განვითარებისთვის, საქართველოს უცხოეთში პოპულარიზაციისა და თქვენ შემთხვევაში საქართველოს უსაფრთხოებისთვის. ის გზა, რაც ჩვენ გავიარეთ ამ წლებში ნატო-სთან მიმართულებით, რომელიც არის სერიოზული წარმატების გზა, ჩვენ ვნახეთ ბოლოს სამიტზე როგორ არის აღიარებული ჩვენი ეს წარმატებული გზა და რამდენად შორს ვართ მისული მისწრაფების მიმართ, რაც არის ჩვენი მთავარი და უცვლელი მისწრაფება – გაწევრიანება ნატო-ში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.