ლევან ბეჟაშვილი – “თბილისი პრაიდზე”: სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას ადამიანების უფლებები
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, “თბილისი პრაიდთან” მიმართებით სახელმწიფოს ვალდებულება იქნება, რომ დაიცვას ადამიანების უფლებები და არ დაუშვას დაგეგმილი ღონისძიებების ძალადობრივი განვითარება.
მისივე თქმით, ძალადობისგან დაცვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა.
„პრაიდთან მიმართებით სახელმწიფოს ვალდებულება იქნება, რომ დაიცვას ამ ადამიანების უფლებები და არ დაუშვას იმ დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების ძალადობრივი განვითარება. სამწუხაროდ, ქვეყანაში გვაქვს ვითარება, როდესაც ხელისუფლება, ნაცვლად იმისა, რომ ცდილობდეს კანონიერების განმტკიცებას და სტაბილურობის უზრუნველყოფას, პირიქით, ხშირ შემთხვევაში არის კონკრეტული საზოგადოებრივი ჯგუფების მიმართ ძალადობრივი მოქმედებების წამახალისებელი. ხელისუფლება მუდმივად ცდილობს უმრავლესობის და სამართალდამცველების ძალით ესაუბროს საზოგადოებას. ჩვენც ვიყავით ხელისუფლებაში და ჩვენს დროსაც ხორციელდებოდა ასეთი ღონისძიებები. ყველა ქვეყანაში და ყველა დროს ასეთი ღონისძიებების წარმართვა, ასეთი საზოგადოებრივი ჯგუფების უფლებრივი უზრუნველყოფა და მათი ძალადობისგან დაცვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.