სალომე ზურაბიშვილი მსოფლიო ლიდერებთან ერთად პარიზის გლობალურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს პარიზში ემანუელ მაკრონთან, კამალა ჰარისთან, შარლ მიშელთან, ანგელა მერკელსა და სხვა მსოფლიო ლიდერებთან ერთად საერთაშორისო ფორუმში Generation Equality Forum მიიღებს მონაწილეობას და სიტყვით გამოვა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფორუმი, რომელიც გენდერული თანასწორობისთვის საჭირო ქმედებებსა და ანგარიშვალდებულებებზე საჯარო დისკუსიას წარმოადგენს, გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის, საფრანგეთისა და მექსიკის თანათავმჯდომარეობითა და სამოქალაქო საზოგადოების პარტნიორობით ტარდება.

,,ფორუმს დაესწრებიან და სიტყვით გამოვლენ, ასევე, გაერო-ს გენერალური მდივანი – ანტონიო გუტიერეში, გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი – პუმზილე მლამბო ნქგუკა, მექსიკის პრეზიდენტი – ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორი, ევროკომისიის პრეზიდენტი – ურსულა ფონ დერ ლეიენი, შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი – ჰილარი კლინტონი.

ფორუმის ფარგლებში იგეგმება საქართველოს პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრა გაერო-ს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან.

გლობალური ფორუმი 29 მარტს მეხიკოში დაიწყო და პარიზში 2 ივლისს დასრულდება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები