ლაშა დარსალია: ჟენევის მოლაპარაკებათა 53-ე რაუნდზეც მთავარი თემა იქნება ის პუნქტები, რომელთა შესრულებასაც რუსეთი თავს არიდებს, ფონი მძიმეა

“ახლაც მთავარი თემა არის ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულება, რადგან ეს არის პირველი ნაბიჯი კონფლიქტის სრულმასშტაბიანი მოგვარებისკენ”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა 53-ე რაუნდთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი ადამიანის უფლებათა თემებს სავაჭროდ იყენებს.

„როგორც ყველა რაუნდზე, ახლაც მთავარი თემა არის ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულება, რომელსაც რუსეთი არ ასრულებს და, პრაქტიკულად, არცერთი პუნქტი არ აქვს შესრულებული. ექვსპუნქტიანი შეთანხმება არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რადგან ეს არის პირველი ნაბიჯი კონფლიქტის სრულმასშტაბიანი მოგვარებისკენ. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყოველთვის ამ საკითხების ხაზგასმა. რაც მთავარია, ამას ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვაკეთებთ. ხვალაც მთავარი თემა იქნება ის პუნქტები, რომელთა შესრულებასაც რუსეთი თავს არიდებს. რაც შეეხება თავად ფონს, ის მძიმეა.

ჰუმანიტარულ ჯგუფში განიხილება საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია უკანონო ბორდერიზაციასთან, დაკავებებთან. ჩვენი მოქალაქეები: გახელაძე, ბებუა, ბესტაევი დაკავებული არიან და, სამწუხაროდ, გრძელდება ამ დაკავებების სერია. სამწუხაროდ, ადამიანის უფლებათა საკითხები გამოიყენება ზეწოლის მექანიზმად, რაც კიდევ უფრო ართულებს მოლაპარაკებათა პროცესს. რუსეთი ადამიანის უფლებათა თემებს სავაჭროდ იყენებს და, სამწუხაროდ, 21-ე საუკუნეში ასეთ ფონზე გვიწევს პროცესის წარმართვა“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი, 53-ე რაუნდი ხვალ გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები