რა არის ციფრული სუვერენიტეტი და რა სურს ჩინეთ-რუსეთის დუეტს?

პუტინის პირადი პოლიტიკური პატიმრის, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქციები რუსეთში “იუთუბ”-ის, “ტელეგრამისა” და “ტიკ-ტოკის” საშუალებით იგეგმებოდა და გადაიცემოდა. ოფიციალურმა მოსკოვმა ტრადიციული მედია დიდი ხანია, მარწუხებში მოაქცია და მას კრემლის პროპაგანდას ავრცელებინებს. სანამ სოციალური ქსელი გარკვეულ თავისუფლებას ჯერ კიდევ  ინარჩუნებს, გავიხსენოთ, თუ როგორ ცდილობდა ინტერნეტის რეგულირებას პუტინი ჩინეთთან ერთად ბოლო წლების განმავლობაში.

რუსეთი და ჩინეთი საერთაშორისო ორგანიზაციებში „ციფრული სუვერენიტეტის“ ცნების პოპულარიზაციას მუდმივად ეწევიან. ამას ძალიან კონკრეტული მიზეზი აქვს – ორივე ქვეყანას სურს, ხელი ისეთი საერთაშორისო ნორმათა სისტემის დამკვიდრებას შეუწყოს, რომელიც ცალკეულ აქტორებს თავიანთ სახელმწიფოებში ინფორმაციის ნაკადის სრულად გაკონტროლებაში დაეხმარება. ჩინურ-რუსული თანამშრომლობის ეს ვითომ უწყინარი მიმართულება მოქალაქეებს საფრთხეს უქმნის და მათ თავისუფლებას ემუქრება. საბედნიეროდ, რეპრესიულ რეჟიმებს შორის მსგავსების მიუხედავად, ჩინეთისა და რუსეთის ერთობა კრახისთვის არის განწირული, რადგან ორივე ქვეყანამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ მათი ნდობა არ შეიძლება. თანაც, ორივეს გლობალურ არენაზე „სუპერ ძალად“ წარმოჩენა სურს და რადგან მხოლოდ ერთმა უნდა გაიმარჯვოს, მათი თანამშრომლობა წარმატებული ბუნებრივად ვერ იქნება.

ინტერნეტმა სამყაროს ინოვაცია და ეკონომიკური ზრდა მოუტანა, თუმცა, დროსთან ერთად მისი დარეგულირების საჭიროებაც წარმოიშვა. დასავლეთმა გადაწყვიტა, რომ ადამიანები ვირტუალურ სივრცეშიც ისეთივე უფლებებით უნდა სარგებლობდნენ, როგორც – რეალურ ცხოვრებაში. ამ ნაწილში ჩინეთ-რუსეთის დუეტი აშკარად დასავლეთის მიდგომას იზიარებს, ოღონდ, ამ ორი ქვეყნის შემთხვევაში, მოქალაქეებს ინტერნეტში ისევე არ აქვთ არანაირი უფლებები, როგორც – ნამდვილ ცხოვრებაში.იმისათვის, რომ ადამიანები უფრო დაცულები იყვნენ, დასავლეთი კიბერუსაფრთხოებას მოქალაქეების კომუნიკაციისა და ქსელების დაცვის გადმოსახედიდან უყურებს.  მოსკოვი და პეკინი კი კიბერუსაფრთხოების გაძლიერებაში თავიანთი მოქალაქეების წინააღმდეგ რეპრესიების უკეთ განხორციელების გზას ხედავენ. 1-ელ თებერვალს კრემლმა ინფორმაციის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები წარადგინა, რომლის თანახმად, სოციალური მედიის კომპანიები ვალდებულნი იქნებიან, ყოველდღიურად 500 000-მდე რუსი მომხმარებლის პოსტები შეამოწმონ და „არასანქცირებული შეკრების“ შესახებ ინფორმაციის შემცველი პოსტები დაბლოკონ.

ირონიულია, რომ ჩინელი და რუსი ანალიტიკოსები „აგრესიული საგარეო აქტორების“ მიერ ინტერნეტის ფერადი რევოლუციების პიარისა და იდეოლოგიური დამორჩილების მიზნით გამოყენების შესახებ მუდმივად საუბრობენ. მოსკოვი და პეკინი კიბერსივრცეს გლობალურ და ღია პლატფორმად არ აღიქვამენ, მათ სურთ, თითოეულ ქვეყანას ინტერნეტის მისი სურვილისამებრ დარეგულირების შესაძლებლობა მიეცეს. ამ გზით, საერთაშორისო სამართლის ჩარჩოში მოაქცევენ ჩინეთის ცენზურას და რუსეთის “იაროვაიას” თუ “სუვერენული ინტერნეტის” კანონებს, რაც სინამდვილეში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევაა.

ლაშა სარია

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები