სალომე ზურაბიშვილი: ნატო-ს 14 ივნისის სამიტმა საქართველოსა და უკრაინის მიმართ ღია კარის პოლიტიკა კიდევ ერთხელ დაადასტურა
“ნატო-ს 14 ივნისის სამიტმა საქართველოსა და უკრაინის მიმართ ღია კარის პოლიტიკა კიდევ ერთხელ დაადასტურა”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყნების ამოცანაა, ინტეგრაციის გზაზე თანამშრომლობის სფეროები გაძლიერდეს.
„ნატო-სკენ მიმავალ გზაზე ორივე ქვეყანამ დიდი პროგრესი განიცადა ბოლო წლების განმავლობაში. სამხედრო და პოლიტიკური რეფორმების კუთხით, თავსებადობის სტანდარტიზაციის კუთხით. ნატო-ს 14 ივნისის სამიტმა საქართველოსა და უკრაინის მიმართ ღია კარის პოლიტიკა კიდევ ერთხელ დაადასტურა. მივესალმებით ამ განცხადებაში გამოხატულ მზადყოფნასა და შემდეგი ეტაპების ასახვას. ჩვენი ამოცანაა, ინტეგრაციის გზაზე გავაძლიეროთ თანამშრომლობის სფეროები. ეს ეხება კიბერუსაფრთხოებასა და შავი ზღვის უსაფრთხოებას, რაც ნატო-ს ფარგლებში იქნება განხილული. ჩვენ ყოველთვის მივესალმებით, როცა ჩვენი ნატო-ს პარტნიორების ხომალდები შემოდიან ჩვენს პორტებში. უსაფრთხოების კუთხით ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.