სალომე ზურაბიშვილი: ევროპული ინტეგრაციის გზას ალტერნატივა არ გააჩნია, ამ გზაზე საქართველომ და უკრაინამ უკვე მივაღწიეთ ძალიან დიდ პროგრესს

ევროპული ინტეგრაციის გზას ალტერნატივა არ გააჩნია, ამ გზაზე საქართველომ და უკრაინამ უკვე მივაღწიეთ ძალიან დიდ პროგრესს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ბათუმის კონფერენცია არის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის წინსვლის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი.

„ევროპული ინტეგრაციის გზას ალტერნატივა არ გააჩნია. ეს არის ჩვენი ქვეყნებისთვის ერთადერთი სერიოზული პერსპექტივა და ჩვენ ორივემ ამ გზაზე უკვე მივაღწიეთ ძალიან დიდ პროგრესს. „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატის დაარსება, ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შეთანხმება, ასოცირების სტატუსი, ვიზალიბერალიზაცია, – ეს ყველაფერი არის ძალიან კონკრეტული შედეგები ამ გზაზე ჩვენი პროგრესის. დროა, შემდეგი ნაბიჯები ჩამოვაყალიბოთ და ამის საშუალებას მოგვცემს ბათუმის კონფერენცია, მით უმეტეს, თუ ეს იქნება იმ სამიტის ფორმატში, რომელზედაც ვეპატიჟებით ჩვენს ორ მეგობარს, უკრაინასა და მოლდოვას, რომლსაც დაესწრება ევროკავშირის უმაღლესი ხელმძღვანელობა, შარლ მიშელის მეშვეობით. ეს არის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წინსვლის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. აქ იქნება საუბარი სექტორულ ინტეგრაციაზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ევროკავშირის გააქტიურებაზე კონფლიქტების სფეროში, ეს იქნება არსებული ფორმატების გაძლიერებით თუ სხვა, ახალი შესაძლებლობის გამოყენებით. ამიტომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, სადაც ასევე დარწმუნებული ვარ, განხილული იქნება შავი ზღვის აკვატერიტორია, ​როგორ შეიძლება, შავ ზღვაზე გაძლიერდეს უსაფრთხოება და თანამშრომლობა. დღევანდელი და ხვალინდელი მთავარი პროექტები, რომლებიც ეხება ევროკავშირს, შავ ზღვას, კავკასიას, შემდგომ შუა აზიას და უკრაინას, გადის შავ ზღვაზე და შავი ზღვის სტაბილურობაზე, შავი ზღვის გამოყენებაზე იმისთვის, რომ დავუახლოვდეთ ევროკავშირს, ამ კუთხით ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც ყოველთვის მზად ვიქნებით. ვისაუბროთ პირველ რიგში ასევე ჩვენს პარტნიორებთან, ევროკავშირსა და აშშ-სთან“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები