“დეოკუპაცია არის ჩვენი ქვეყნების ტკივილი, წუხილი და გამოწვევა”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უკრაინაში ვიზიტისას ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ორი ქვეყნის ურთიერთობაში მნიშვნელოვანია, საუკუნოვანი მეგობრობის გარდა, პარალელური ამოცანები და ერთობლივი მიზნები.
„ორივე ქვეყნის პრეზიდენტი უნდა გავუფრთხილდეთ საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობას. ჩვენი ურთიერთობა ნორმალიზება და დაფუძნებულია ორ მთავარ პრინციპზე, ხალხთა შორის საუკუნოვან მეგობრობაზე, ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მუდმივ და ურყევ მხარდაჭერაზე.
ორი ქვეყნის ურთიერთობაში მნიშვნელოვანია, საუკუნოვანი მეგობრობის გარდა, პარალელური ამოცანები და ერთობლივი მიზნები. ესაა ჩვენი ქვეყნების ტერიტორიების დეოკუპაცია, ევროკავშირისა და ნატოსკენ მიმავალი გზა და ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის გაზრდა. დეოკუპაცია არის ჩვენი ქვეყნების ტკივილი, წუხილი და გამოწვევა. საქართველოს ამოცანაა დეოკუპაცია და ამ კუთხით ახალი სტრატეგიის ჩამოყალიბება. დებორდერიზაცია, ადამიანების უფლებების დაცვა და არ შემიძლია, არ ვთქვა, რომ სტრასბურგის სასამართლოს დასკვნა არის საქართველოს გამარჯვება. ასევე, ჩვენი მიზანია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებთან ურთიერთობის აღდგენა“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.