დავით სერგეენკო: “ნაცმოძრაობას“ თავისი პასუხისმგებლობა აქვს, დოკუმენტზე ხელს იძულებით ვერ მოვაწერინებთ
„ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი პასუხისმგებლობა აქვს, ხელს ვერ დავუჭერთ და დოკუმენტზე ძალით ვერ მოვაწერინებთ. დანარჩენი ყველა შეუერთდა შარლ მიშელის შეთანხმებას”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერი, დავით სერგეენკო აცხადებს.
მისივე თქმით, ორივე მხარემ – პოზიციამაც და ოპოზიციამაც რეკომენდაციებს ანგარიში უნდა გაუწიოს.
„19 აპრილიდან დიდი დრო არ გასულა და ამის გამო შეიძლება, რაღაც ეპოქალური შედეგი ჯერ არ დამდგარა, მაგრამ ეს ადამიანები რეზოლუციაში აფიქსირებენ, ოპოზიციამ და პოზიციამ რა უნდა გააკეთონ. ვფიქრობ, ორივე მხარემ ამ რეკომენდაციებს ანგარიში უნდა გაუწიოს. იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც ამბობენ, რომ არსებობს რისკები, ვერაფერს ვუპასუხებ, რადგან ყველას ჰქონდა შესაძლებლობა, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დამსხდარიყვნენ და შეჯერებული დოკუმენტი მიეღოთ. ეს „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა ყველამ გააკეთა. „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი პასუხისმგებლობა აქვს, ხელს ვერ დავუჭერთ და დოკუმენტზე ძალით ვერ მოვაწერინებთ. დანარჩენი ყველა შეუერთდა ამ შეთანხმებას. ამოცანა არის, რომ ამ ხელშეკრულებაში გაწერილი ყველა პუნქტი შესრულდეს. თუ არ მოაწერს ხელს ეს ხალხი, დაე, ნუ მოაწერს. ამით ტრაგედიას ვერ შევქმნით“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.