დღეს ზაზა გახელაძის ოჯახი საოკუპაციო ხაზთან საპროტესტო აქციას გამართავს
დღეს საოკუპაციო ხაზთან აქციას გამართავენ გახელაძის მეგობრები და ოჯახის წევრები.
გახელაძის მამა აცხადებს, რომ შვილის დაბადების დღეს ე.წ. საზღვარს გადაკვეთს. მიხეილ გახელაძე უკანონოდ გაბმულ მავთულხლართებს მიღმა დღეს უფროს შვილთან ერთად გადასვლას გეგმავს. მისი თქმით, წინასწარ იცის, რომ ოკუპანტები მათაც დააკავებენ და იმედი აქვს, რომ ცხინვალის ციხეში ზაზასთან მიიყვანენ.
გახელაძის მამას გუშინ პრემიერმინისტრმა გეგმის შეცვლა პირადად ურჩია.
ოკუპანტების მიერ უკანონოდ გატაცებული ზაზა გახელაძის გათავისუფლების საკითხი უკვე დაისვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, რომ უწყება ცხელი ხაზის დახმარებით გახელაძის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ყოველდღიურად იღებს.
სუს-ში ადასტურებენ, რომ საკითხი რთულია, თუმცა, ყველა მსგავსი შემთხვევა სახელმწიფო ინსტიტუტების აქტიურობის შედეგად უკანონო პატიმართა გათავისუფლებით სრულდება. გახელაძის გათავისუფლების საკითხს, ყველა მაღალ ტრიბუნაზე ახმოვანებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
დღეს ზაზა გახელაძის დაბადების დღეა, ის 34 წლის ხდება, 11 ივლისს კი მისი დაკავებიდან ერთი წელი შესრულდება.