კოჩიევი – “მისი ოჯახის წევრები სხვებს რომ არ უსმენდნენ, გახელაძის ნახვას აქამდე შეძლებდნენ, მათ უკანონო ქმედებებისკენ აქეზებენ”

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენლის მოადგილე პოსტკონფლიქტური ვითარების დარეგულირების საკითხებში, ეგორ კოჩიევი აცხადებს, რომ “საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური ძალები” ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს უკანონო ქმედებებისკენ აქეზებენ, რითაც ამძიმებენ სიტუაციას და საკითხის პოლიტიზებას ცდილობენ.

მისი თქმით, ”ზაზა გახელაძე ნორმალურ პირობებში იმყოფება, მას კარგად ექცევიან. ის ოჯახს შეახვედრეს, ცხინვალში ,,წითელი ჯვრის,, მისიის შუამავლობით სახლიდან ამანათებს უგზავნიან კანონით განსაზღვრულ პერიოდში“.

კოჩიევმა აღნიშნა, რომ ”ნებისმიერი აქცია, რომელიც ხორციელდება საზღვარზე, პროვოკაციულ ხასიათს ატარებს, განსაკუთრებით – გასამართლებული, საქართველოს მოქალაქის კონტექსტში, რომელმაც დაარღვია კანონი და იხდის სასამართლოს მიერ განსაზღვრულ სასჯელს”.

”ადამიანი სასჯელს იხდის თავისუფლების აღკვეთის ადგილში კანონის შესაბამისად და ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია ისტერიული მოქმედებები, რომლითაც სხვადასხვა პოლიტიკური ძალა, მათ შორის, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც წაქეზებულები არიან არც ისე ადეკვატური ქართული მედიის მიერ, ცდილობენ სიტუაციის დესტაბილიზაციას და იმას, რომ სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას რაიმე პროვოკაციაზე წამოკიდონ. რაც უნდა შეეცადონ, რამდენადაც უნდა ეცადონ პროვოცირებას, სამხრეთ ოსეთში ყველაფერი ხდება და მოხდება კანონის ფარგლებში,” – თქვა მან.

მისი თქმით, “გახელაძის ნათესავები ნაკლებად რომ უსმენდნენ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასა და არასამთავრობოებს, ,,წითელი ჯვრის,, მეშვეობით პატიმართან შეხვედრის ორგანიზება უკვე მოხდებოდა. ამის ნაცვლად, ისინი ცდილობენ, ყურადღება მიიპყრონ ასეთი პროვოკაციული ქმედებებით, რაც მათ არაფრამდე მიიყვანს. ასეთი ქმედებები მხოლოდ დაბრკოლება გახდება გახელაძესთან შესაძლო შეხვედრებისთვის”, – დაასკვნა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები