“საზღვარზე ნებისმიერი დარღვევა აღიკვეთება” – “კგბ” ქაცარავას მიერ დაანონსებულ აქციას გამოეხმაურა

ე.წ. სამხრეთ ოსეთის “კგბ” “ძალა ერთობაშიას” მიერ დაანონსებულ, 23 ივნისის აქციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ე.წ. საზღვართან ნებისმიერი პროვოკაცია “კანონის ფარგლებში იქნება აღკვეთილი”.

მათი თქმით, 15 ივნისს ერგნეთის შეხვედრაზე ზაზა გახელაძის საკითხი განიხილებოდა, ”მიუხედავად იმისა, რომ ქართული მხარის მიერ გაცხადდა საკითხის მოგვარების მნიშვნელობა საერთაშორისო მექანიზმების ფარგლებში, საქართველოში ზოგიერთი ოპოზიციური ძალა ცდილობს მოლაპარაკების პროცესის ჩაშლას”.

ე.წ. კომიტეტის განცხადებაში ნათქვამია, რომ “ძალა ერთობაშია”-ს ლიდერმა, დავით ქაცარავამ სოციალურ ქსელში დააანონსა 23 ივნისს აქციის გამართვა, რომელიც “თითქოსდა, მიმართულია იმისკენ, რომ აიძულონ საქართველოს მთავრობა, ქმედითი ნაბიჯები გადადგან ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად”.

“ქაცარავა გეგმავს აქციის ორგანიზებას სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საზღვრის უშუალო სიახლოვეს, რის შემდეგაც იგეგმება ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვა.”ძალა ერთობაშიას” საქმიანობის ხასიათის გათვალისწინებით, არ არის გამორიცხული, მომიტინგეების მიერ სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა დაფიქსირდეს.

“კგბ” ხაზს უსვამს, რომ ამგვარი პროვოკაციული ინიციატივების განხორციელება, განურჩევლად იმისა, ვისგან მოდის ის, არა თუ არ უწყობს ხელს არსებული წინააღმდეგობების დიპლომატიურ და ცივილიზებულ გადაწყვეტას, არამედ მნიშვნელოვან ზიანს აყენებს მოლაპარაკებების პროცესს მთლიანობაში.

სახელმწიფო საზღვარზე დამყარებული ადმინისტრაციული და სამართლებრივი რეჟიმის დარღვევის ნებისმიერი მცდელობები აღიკვეთება მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში. მოვუწოდებთ საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებსა და მოქალაქეებს, აღკვეთონ მსგავსი ქმედებები”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები