მედოევი – დეოკუპაციის კომისიაზე: არ ვაპირებთ მონაწილეობას ქართულ პროექტებში, მეტიც, “თურქეთის კონფედერაციაში” შესვლას, რომლის შექმნის გეგმა ბოსფორზე განიხილეს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი, დიმიტრი მედოევი საქართველოს მთავრობის მიერ “დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების მიზნით” სამთავრობო კომისიის შექმნას გამოეხმაურა, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო უხელმძღვანელებს.

მისი თქმით, ”მთიანი ყარაბაღის ომმა უდავოდ შთააგონა ქართული სამხედრო და პოლიტიკური ელიტა, რომლებიც საკუთარი თვალით აკვირდებოდნენ საომარი მოქმედებების მიმდინარეობას რეგიონში და თავისებურად აფასებდნენ სამხრეთ კავკასიის ახალ პოლიტიკურ რეალობებს. ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად აპელირებენ თურქეთის სამხედრო-პოლიტიკურ ფაქტორზე, როგორც საკუთარი პრობლემების მოგვარების მაგალითზე”.

“ამ თვალსაზრისით, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების თემის ბოლოდროინდელი გამწვავება შეიძლება, ასოცირდებოდეს, ერთი მხრივ, როგორც ქართული ელიტისა და მისი დასავლელი მოკავშირეების ინტერესების დამთხვევასთან, ისე, რეგიონში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მთავარი ქვეყნის – თურქეთის ინტერესებთან.

ამასთან, აქვე უნდა აღინიშნოს, ”ამიერკავკასიის კონფედერაციის” ძირითადი იდეოლოგები და პოტენციური ბენეფიციარები აშკარად აცნობიერებენ, რომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გარეშე ასეთი გეგმები არ წარმოადგენს ინტერესს და უმოქმედოა.

აქედან გამომდინარე, ერთმნიშვნელოვნად და პასუხისმგებლობით შეგვიძლია, განვაცხადოთ, რომ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა არავითარ შემთხვევაში არ აპირებს მონაწილეობას ქართულ პროექტებში და, უფრო მეტიც, “თურქეთის კონფედერაციაში” შესვლას, რომლის შექმნის გეგმებიც აქტიურად განიხილეს ბოსფორის სანაპიროზე”, – თქვა მედოევმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები