აფხაზეთი – დეოკუპაციის კომისიის შექმნაზე: “საქართველოს ხელისუფლების კიდევ ერთი ცარიელი წამოწყებაა”

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მთავრობის მიერ “დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების მიზნით” სამთავრობო კომისიის შექმნას გამოეხმაურა, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო უხელმძღვანელებს.

ე.წ. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ “საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება “დეოკუპაციის კომისიის” შექმნის შესახებ კიდევ ერთი ცარიელი წამოწყებაა, რომელიც არ შეესაბამება დროის სულისკვეთებას და არ შეესაბამება აფხაზეთის სახელმწიფოს ინტერესებს. ასეთ ინიციატივას შეიძლება, ჰქონდეს მოკლევადიანი პროპაგანდისტული ეფექტი საქართველოში, რისი იმედიც აქვს, ცხადია, თბილისს. სხვა არაფერია მოსალოდნელი ასეთი კომისიისგან”.

“დეოკუპაციის კომისიის” შექმნის შესახებ გადაწყვეტილებით, საქართველოს ხელისუფლება აშკარად ცდილობს, უჩვენოს თავის მოქალაქეებსა და საერთაშორისო თანამეგობრობას მტკიცე გადაწყვეტილება, ”გაერკვეს” ”ოკუპირებული ტერიტორიების” პრობლემაში. თბილისი აჩვენებს, რომ ეს თემა ხელისუფლების ყურადღების ცენტრშია და ყველა საჭირო ძალისხმევა იქნება გამოყენებული მის მოსაგვარებლად.

ამავდროულად, საქართველოს ხელისუფლების ასეთი უსარგებლო ინიციატივები არ იწვევს ენთუზიაზმის აფხაზეთის რესპუბლიკაში. გულუბრყვილო იქნებოდა ასეთი სახელწოდების კომისიისგან ახალი პოლიტიკური რეალობის ადეკვატური იდეების მოლოდინი, რომლებიც მისაღები იქნებოდა აფხაზეთისთვის. პროგრამის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ წარუმატებელ გამოცდილებას, ისევე როგორც სხვა ქართულ პროექტებს, თბილისი უნდა მიეყვანა გაცნობიერებისკენ, რომ ასეთი ინიციატივები სრულიად არაეფექტურია, რომლებიც უფრო ჰგავს ჰუმანიტარულ პროექტებს ავტონომიური რეგიონების მაცხოვრებლებისთვის.

უაზრო ინიციატივების წამოყენების ნაცვლად, ქართულ მხარეს მეტი ძალისხმევა უნდა გაეწია ჟენევის ფორმატის ფარგლებში, რომელიც დღეს “ერთ ადგილზე გაიყინა” საქართველოს არაკონსტრუქციული პოზიციის გამო. ჟენევაში პროგრესის მიღწევა იქნებოდა საქართველოს რეალური და არა – წარმოსახვითი განზრახვების დემონსტრირება აფხაზეთსა და საქართველოს შორის თანაბარი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების გზაზე”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები