ამირან გამყრელიძე: ჯერჯერობით, ამ ვითარებაში, პირბადეების ტარებასთან დაკავშირებით ვალდებულების მოხსნას სწორად არ მივიჩნევ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება სტაბილური, მაგრამ საყურადღებოა.
მისივე თქმით, პირბადის ტარება, ჯერჯერობით, სავალდებულო უნდა იყოს.
„ეპიდსიტუაცია ქვეყანაში ძალიან ნელი ტემპით უმჯობესდება, სტაბილიზაცია გვაქვს, თუმცა, ეს არის არამდგრადი სტაბილიზაცია. პირველი ნიშანი კი არის ის ფაქტი, რომ ბოლო ერთი კვირის დადებითობის მაჩვენებელმა ოდნავ აიწია. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ძალიან უარესდება მდგომარეობა, მაგრამ საყურადღებოა და უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად.
რაც შეეხება პირბადეების ტარებაზე რაიმე ტიპის შემსუბუქებას, ჯერჯერობით, ამ ვითარებაში პირბადეების ტარებასთან დაკავშირებით ვალდებულების მოხსნას სწორად არ მივიჩნევ. გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვაზე არ გავაკეთებ კომენტარს, ამ ყველაფერზე, თუ საჭიროდ მიიჩნევა, საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს“, – აღნიშნა გამყრელიძემ.