“ოკუპირებულ ტერიტორიებზე პრობლემაა პატიმართა ცემა იზოლატორებში, ამ მხრივ, საგულისხმოა ხვიჩა მღებრიშვილის წამების ფაქტი“
სახალხო დამცველის ანგარიშში, რომელსაც ომბუდსმენი პარლამენტში დღეს წარადგენს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობაზეა ყურადღება გამახვილებული.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ჯერ კიდევ პანდემიამდე ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. გამშვებ პუნქტზე სრულად შეზღუდა ადამიანების გადაადგილების თავისუფლება, რის გამოც, ვუკვე ერთ წელზე მეტია, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სათანადო სამედიცინო სერვისის მიუღებლობის გამო, გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობა იზრდება.
„კვლავ გრძელდება უკანონო დაკავებები. 2020 წელს საოკუპაციო ხაზზე ცხინვალის მიმართულებით 64, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით – 13 პირი დააკავეს. განსაკუთრებით საგანგაშოა საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძისთვის 12 წლით უკანონოდ თავისუფლების აღკვეთა“, – ვკითულობთ დოკუმენტში.
ანგარიშში ასევე მიმოხილულია ვაჟა გაფრინდაშვილის, გენადი ბესტაევის, ირაკლი ბებუას, რამაზ ბეღელურის, მირიან თაზიაშვილისა და ხვიჩა მღებრიშვილის დაკავების შემთხვევები.
„2020 წლის განმავლობაში ენგურის გადაცურვისა და საოკუპაციო ხაზის შემოვლითი გზით ზუგდიდში მოხვედრის მცდელობას 2 უბედური შემთხვევა მოჰყვა, ხოლო 2021 წლის აპრილში 4 ადამიანი გარდაიცვალა“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
ომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება წლიდან წლამდე კიდევ უფრო მეტად იზღუდება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე, ყოველწლიურად იკლებს პირველკლასელთა რაოდენობა.
„ოკუპირებულ ტერიტორიებზე პრობლემაა პატიმართა ცემა, არასათანადო მოპყრობა და წამება დროებით იზოლატორებსა თუ საპყრობილეებში. ამ მხრივ, საგულისხმოა ხვიჩა მღებრიშვილის წამების ფაქტი“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
პარლამენტში სახალხო დამცველს უსმენენ. ნინო ლომჯარია გასული წლის ანგარიშით ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე წარდგა.